ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაში არიან შემოქმედებითი ჯგუფის წევრები, რომლებსაც ისეთ ფილმებზე აქვთ ნამუშევარი როგორებიცაა: „ტრანსფორმერები“, „ვარსკვლავური ომები“, „შურისმაძიებლები“ და „სკაიფოლი“.
ჰოლივუდის ცნობილი კომპანიებიდან ხუთი პროდიუსერი და ლოკაციის მენეჯერი სტუმრობს, მათ შორისაა ტელეარხ HBO-ს ლოკაციების ერთ-ერთი მენეჯერი და სერიალ „სატახტოთა თამაშის“ საორგანიზაციო ჯგუფის წევრი - დევიდ კოუპლენდი. ვიზიტები დაგეგმილია ბათუმში, ჭიათურაში, თბილისში, უფლისციხეში, ციხისძირსა და რუსთავში.
ამერიკელი სტუმრები უკვე ესტუმრნენ ყაზბეგსა და შატილს, დაათვალიერეს თრუსოს ხეობა, გერგეთის სამება, გველეთის ჩანჩქერი, სოფელი ცდო, სნო, კარკუჩი და შატილის კოშკები. მათი განსაკუთრებული დაინტერესება დაიმსახურა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არსებულმა უძველესმა ისტორიულმა კოშკებმა.
ვიზიტის ფარგლებში უცხოელ სტუმრებს ქართველი კინომწარმოებლები და ქართული საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლები ხვდებიან, რომლებიც მათ გამოცდილებას გაუზიარებენ და გააცნობენ ქართული კინოს შესაძლებლობებსა და არსებულ ინფრასტრუქტურას.