weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ტაო-კლარჯეთში, დოლისყანის ტაძრის კარიბჭეში ტუალეტი შენდება – ბუბა კუდავა

13:08 შაბათი, 11 მაისი 2019

„საგანგაშო, ყოვლად დაუჯერებელი და ყოვლად გაუგებარი სიახლე ტაო-კლარჯეთიდან – X საუკუნის ცნობილი ქართული ტაძრის – დოლისყანის კარიბჭეში ტუალეტი შენდება“, – ამბობს პროფესორი ბუბა კუდავა. მისი ინფორმაციით, კარიბჭეში უკვე ამოთხრილია ორმოები, ჩალაგებულია მილები, ტაძარში შეტანილია შესაბამისი მასალა და დღე-დღეზე ალბათ ბეტონსაც დაასხამენ.

„აქაური ისტორიული ძეგლების დაზიანების (უყურადღებობით გამოწვეული თუ განზრახ ჩადენილი) უამრავი ფაქტია ცნობილი, მაგრამ იმედის მომცემი იყო ტენდენცია, რომ ბოლო ათწლეულებში მსგავსი ფაქტები ძალზე შემცირდა.

ის, რაც ახლა დოლისყანაში ხდება, სრულიად დაუჯერებელია. 21-ე საუკუნეა, 2019 წელია და ტაო-კლარჯეთის ძეგლების დიდი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა უკვე კარგა ხანია კარგად ესმით ჩვენს თურქ კოლეგებსა და ჩვენი მეზობელი ქვეყნის შესაბამის უწყებებს. იმედი მაქვს, სასწრაფოდ შეწყდება სამუშაოები“, – აღნიშნავს ბუბა კუდავა.

მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსშია საქართველოს საელჩო თურქეთში.

„ვესაუბრე ელჩს, ბატონ გია ჯანჯღავას. უკვე შეუდგა ინფორმაციის გადამოწმებას. დარწმუნებული ვარ, ცდას არ დააკლებს საკითხის მოგვარებას“, – წერს პროფესორი სოციალურ ქსელში და ფოტოებსაც აქვეყნებს.

„რეგინფო“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა. სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ბექა ბარამიძის განცხადებით, ბუბა კუდავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გადამოწმება და დადასტურება სჭირდება.

„მივმართეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ჩვენს საელჩოს თურქეთში, რომ აღნიშნული ფაქტი გადაამოწმონ. ამ დროისთვის ვიმყოფებით ოფიციალური დადასტურების მოლოდინში, რის შემდეგად განვსაზღვრავთ თურქულ მხარესთან ურთიერთობის სამომავლო სტრატეგიას“, – უთხრა „რეგინფოს“ ბექა ბარამიძემ.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]