weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოში კინომცოდნეობის საერთაშორისო სკოლა გაიმართება

10:40 ოთხშაბათი, 05 ივნისი 2019

პირველად საქართველოში კინომცოდნეობის საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო ერთკვირიანი სკოლა გაიხსნება. პროექტის ორგანიზატორები ალექსანდრე გაბელია, ნინო მხეიძე და გიორგი გაბელია არიან.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მსგავსი შინაარსის სკოლა მგონი, პირველად ჩატარდება და პროექტის ორგანიზატორები მაქსიმუმს გავიღებთ, რომ კინოთი დაინტერესებულ ახალგაზრდებისთვის ალტერნატიული სწავლების პრაქტიკა დავნერგოთ, რამაც სამომავლოდ უფრო მასშტაბური ხასიათი უნდა შეიძინოს. ვფიქრობთ, რომ კინოს არამხოლოდ ესთეტიკური, არამედ სოციალური და პოლიტიკური განზომილებაც აქვს და საინტერესო იქნება როგორც ქართველი, ამასთანავე უცხოელი ექსპერტების მოსაზრებები, მათი გამოცდილება და სამომავლო გეგმები ეროვნული კინემატოგრაფების განვითარების ირგვლივ. იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული სკოლა ჰერმეტულ კულტურულ სივრცეში ახალ სიტყვას იტყვის და ხელს შეუწყობს ზოგადად ქართული კინემატოგრაფის განვითარებას, რადგან ვთვლით, რომ კინოკრიტიკისა და სამეცნიერო დისკურსის უგულვებელყოფა, უშუალოდ ფილმების ხარისხზეც აისახება”, — განუცხადა ალექსანდრე გაბელიამ ვებპორტალ Cinemania.ge-ს.

კინომცოდნეობის საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლა 24-31 ივლისს ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, მის ერთ-ერთ სამთო სასტუმროში, ყაზბეგში, ჩატარდება. პროექტი ითვალისწინებს საერთაშორისო მკვლევარ-ექსპერტების ჩამოყვანას და ამ დარგის ქართველი ლექტორ-პროფესორების მოწვევას, რომლებიც სკოლის მონაწილეებს საკუთარ ხედვებს გაუზიარებენ და სხვადასხვა თემის შესახებ გამართავენ ლექციებს.

საზაფხულო სკოლა, რომელიც მოიცავს სასწავლო და პრაქტიკულ კომპონენტებს, გაიმართება 7 დღის განმავლობაში. მის ფარგლებში იმუშავებს 6 პლენარული სექცია:

  • კინოს თეორია: წარსული და დღეს
  • კინოენის არსი
  • კინოკრიტიკის ისტორია
  • კინოს თეორია ინტერდისციპლინარულ ჭრილში
  • ქართული კინო დღეს და ახალი გამოწვევები
  • კინოს სოციალური და პოლიტიკური განზომილება

ყოველ სამუშაო დღეს გაიმართება ორი ლექცია-სემინარი. გარდა ამისა, პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყოველდღე, ლექცია-სემინარების დასრულების შემდგომ, გაიმართება კინოჩვენება, რომელიც დასრულდება დისკუსიით. თითოეულ ფილმზე განრიგით შერჩეული 2-3 სტუდენტი მომდევნო დღეს შემოგვთავაზებს ნაჩვენები ფილმის რეცენზიას, რომელიც საჯაროდ გაანალიზდება. ეს ფორმატი კიდევ უფრო გაზრდის დამსწრე სტუდენტების პროექტში ჩართულობასა და ენთუზიაზმს.

სეზონურ სკოლაში მონაწილეობას ორგანიზატორების გარდა მიიღებენ: გოგი გვახარია, დინარა მაღლაკელიძე, თეო ხატიაშვილი, ჯოვანი ვიმერკატი და არმან ფატიჩი.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მასშტაბით მოქმედი ყველა უნივერსიტეტის სხვადასხვა სასწავლო საფეხურის სტუდენტებს, მათ შორის - სტატუსშეჩერებულ ან აკადემიურ შვებულებაში მყოფ სტუდენტებსაც, რომლებიც დაინტერესებული არიან კინოკრიტიკითა და კინოს შესახებ სამეცნიერო მსჯელობით.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]