weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

მითია, რომ პოლიტიკა ცალკეა და ხელოვნება ცალკე – ნინო ქათამაძე

11:29 შაბათი, 06 ივლისი 2019

ცნობილმა ქართველმა ჯაზ-მომღერალმა, ნინო ქათამაძემ „ბი ბი სის“ რუსულ სამსახურს ინტერვიუ მისცა, სადაც საუბრობს ცოტა ხნის წინ მიღებულ გადაწყვეტილებაზე - აღარ იმღეროს რუსეთში.

ნინო ქათამაძის თქმით, მითია, რომ პოლიტიკა ცალკეა, ხელოვნება კი ცალკე.

„პოლიტიკასაც ხომ ადამიანები აკეთებენ. რა თქმა უნდა, ხელოვნებას პოლიტიკოსებზე მეტის გაკეთება შეუძლია და არსებობს სახალხო დიპლომატია. მაგრამ მგონია, რომ მითია, რომ პოლიტიკა ცალკეა და ხელოვნება ცალკე. შესაძლებელია ცივილიზებულ სამყაროში და ცივილიზებულ სახელმწიფოებში ესეც არსებობდეს... მაგრამ ახლა მე არ ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ომი არ არის, სადაც არ არის ეს მძიმე რეალური ისტორიები“, – განაცხადა მომღერალმა.

22 ივნისს, მაშინ, როდესაც თბილისში საპროტესტო გამოსვლები იყო დაწყებული, ნინო ქათამაძემ მოსკოვში, ფესტივალზე - „Усадьба Jazz“ იმღერა. როგორც მოგვიანებით განმარტა, ეს მისი ბოლო გამოსვლა იყო რუსეთში, რაზეც მხოლოდ 9 წლის უსინათლო გოგონას გამო დათანხმდა.

„გადავწყვიტე, რომ მისიამ, რომელიც ჩემს მუსიკას ჰქონდა (კონცერტებზე ჩვენ ერთმანეთს სიყვარულს ვუზიარებთ და ძალადობაზე ვამბობთ უარს) - ამ მისიამ დაკარგა თავისი მნიშვნელობა. მთავარმა პრობლემამ გადაიწია მეორე და მესამე ადგილზე და საერთოდაც, არ ყოფილა ჩვენს დღის წესრიგში.

მე, როგორც მოქალაქეს და ქართველს, არ მქონდა უფლება ჩემი მსმენელის წინაშე ყალბი ვყოფილიყავი, არ მიმეღო მონაწილეობა იმ მოვლენებში, რომლებიც დღემდე გრძელდება. არ შემიძლია ვიყო ადამიანი, რომელიც იმღერებს სიყვარულზე სიყვარულის გარეშე. ამიტომ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება“, – აცხადებს ნინო ქათამაძე.

რაც შეეხება რუსეთში დაბრუნებას, მომღერალი ამბობს, რომ მისი პოზიცია ნათელია.

„მადლობელი ვარ ჩემი პარტნიორებისა, რომლებსაც არ სჯერათ, რომ რუსეთში აღარ გავემგზავრები, რამდენადაც იციან ჩემი სიყვარულის შესახებ, რაც ყოველთვის ჩანს კონცერტებზე. ჩვენ არასდროს გვყოლია ისეთი მსმენელი, ვისთვისაც თავისუფლება და სიყვარული მნიშვნელოვანი არ არის.

არ მინდა, რომ ჩემი გადაწყვეტილება მთლიანად რაღაც პოლიტიკურ კონტექსტში იყოს. მე ვიღვიძებ ჩემს სამშობლოში და აქედან სრულიად სხვა ისტორიაა. რომ ვცხოვრობდე რუსეთში, ჩემთვის ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. ეს გასაგებია. ისინი, ვინც რუსეთში არიან, თავის სახელმწიფოში სხვანაირად ხედავენ რეალობას.

სწორედ ამიტომ, ამ თვალსაზრისით, აუცულებელი იყო ამ ნაბიჯის გადადგმა რომ მეჩვენებინა, რომ აქ მარტივი სიტუაცია არ არის და საჭირო არაა ზედაპირული გადაწყვეტილებები, რათა ჩვენ - პატარა სახელმწიფო - გადავრჩეთ, გავიზარდოთ და გავხდეთ ევროპის ნამდვილი ნაწილი“, – ამბობს ნინო ქათამაძე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]