weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სასამართლომ კორხის ეკლესიის საქმეზე ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა

12:07 ხუთშაბათი, 25 ივლისი 2019
ფოტო © SKnews.ge ფოტო © SKnews.ge

ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ სოფელ კორხში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – XIX საუკუნეში აშენებული სომხური ეკლესიის უკანონო რესტავრაციის საქმეზე, ადმინისტრაციული წარმოება არასაკმარისი მტკიცებულებების გამო შეწყვიტა.

ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო Jnews-ის ცნობით, უნებართვო სამუშაოების ინიციატორს, კორხში მცხოვრებ იურიკ წარუკიანს სამართალდარღვევა არ დაუმტკიცდა.

„მართალია, რომ რესტავრაცია უკანონოდ შესრულდა და არის დარღვევები, თუმცა იურიკ წარუკიანისთვის ბრალის დამტკიცება ვერ შეძლეს. სასამართლომ მტკიცებულებები არ მიიღო“, – განაცხადა წარუკიანის ადვოკატმა.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი წარუკიანს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუდგინა და 5000 ლარით მის დაჯარიმებას ითხოვდა.

„რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ვართ. დიდი ალბათობით მას გავასაჩივრებთ. ეკლესიის რესტავრაციის ნებართვა ჩვენ არ გაგვიცია. აღნიშნული საქმე პოლიციას გადავეცით იმიტომ, რომ იქ დაზიანებულია კულტურული მემკვიდრობა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე“, – განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა, ლევან ჭავჭავაძემ.

ფოტო © SKnews.ge

წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესიაზე მიმდინარე უკანონო სამუშაოების შესახებ მიმდინარე წლის მაისში გახდა ცნობილი. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სოფლის მცხოვრებლებისა და სამშენებლო პროცესის ინიციატორის, იურიკ წარუკიანის თვითნებური გადაწყვეტილების შედეგად, დარბაზული ტიპის ეკლესიის იერსახე მკვეთრად დეგრადირდა: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კედლები ძალაყინითაა ჩამოშლილი, ხოლო ტაძრის ერთ-ერთი ფასადი თითქმის სრულად განადგურებული.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მომხდარი ვანდალიზმად შეაფასა. უწყებამ წარუკიანის დაჯარიმება მას შემდეგ მოითხოვა, რაც სამუშაოების შეწყვეტის თაობაზე გაფრთხილებას შედეგი არ მოჰყვა.

Jnews.ge

სამცხე–ჯავახეთში, ახალქალაქში ბაზირებული საინფორმაციო პორტალი, რომელსაც ააიპ „ღია საზღვრები“ მართავს. გამოცემა ავრცელებს ახალ ამბებს რუსულ და სომხურ ენებზე.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]