კერძოდ, სააგენტოს განმარტებით, ვიზიტორებისთვის შეიზღუდება ის სივრცეები, რომლებზეც, ქაოტური გადაადგილების შედეგად, დაზიანებებმა ინტენსიური ხასიათი მიიღო.
„დროებითი ღონისძიებებით ანანურის არქიტექტურულ კომპლექსზე ვიზიტორთა ჯგუფების უმართებულო ქმედებები აღიკვეთება“, – აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.
მათივე ცნობით, კომპლექსზე მუდმივ ზედამხედველობას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია განახორციელებს.
„2020 წლიდან ანანურის კომპლექსზე ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო პროექტი დაიწყება, რაც ძეგლის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ყველა უბანსა და არქიტექტურულ ნაგებობას მოიცავს.
ანანურის კომპლექსის ტერიტორიაზე ჭარბი ტურისტული ნაკადების მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვის პროცესს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით მიმდებარე ტერიტორიაზე დაწყებული ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობის პროექტი, რომელიც ავტოსაპარკინგე მეურნეობის, სავაჭრო პავილიონებისა და გამწვანებული სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს. ახალი ინფრასტრუქტურული სივრცის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება და ის ხარისხობრივად გაამარტივებს სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას და სავაჭრო პროცესებს“, – ნათქვამია კულტურული მემკვიდრობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ანანურის კომპლექსის ტერიტორიაზე ტურისტებისთვის რეგულაციების ამოქმედება „საყდრისის დაცვის კომიტეტმა“ მოითხოვა. როგორც კომიტეტში განაცხადეს, თუ მონიტორინგი არ გამკაცრდა, ტურისტების და ადგილობრივი დამთვალიერებლის ნაკადი, რომელიც გალავანზე უმისამართოდ დადის, კედლებს მთლიანად ჩამოშლის. მათივე თქმით, ტერიტორიაზე არ არის მინიშნებები, გიდები ტურისტებს არ უკრძალავენ გალავანზე ფოტოების გადაღებას და ასვლას, რაც კედელს აზიანებს. გარდა ამისა, არ არის ჯებირები, რაც ვიზიტორებისთვის საფრთხეს ქმნის.