რეფორმის ფარგლებში შეიქმნება და 2020 წლიდან ფუნქციონირებას დაიწყებს კულტურის ეროვნული ფონდი, რომელსაც სამინისტროს მიერ შემუშავებული პოლიტიკის განმახორციელებელი ფუნქცია დაეკისრება.
სამინისტროს ინფორმაციით, ფონდის მუშაობა დაფუძნებული იქნება დაფინანსების თანაბარი შესაძლებლობების და შემოქმედებითი თავისუფლების ხელშეუხებლობის დაცვის პრინციპებზე. მისი მთავარი დანიშნულება იქნება კულტურის განვითარების, პოპულარიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა.
„კულტურის ეროვნული ფონდის მიზნები და ამოცანებია, ევროპული სტანდარტების შესაბამისად, კულტურის სფეროს დაფინანსების საჯარო, გამჭვირვალე და სამართლიანი სისტემის შექმნა, კულტურის სფეროსთვის განკუთვნილი ფინანსების რაციონალური და სტრატეგიული ხარჯვა, ასევე კულტურის თანასწორი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საზოგადოების ყველა წევრისთვის, განსაკუთრებით - რეგიონების/მაღალმთიანი სოფლების, საზღვრისპირა მუნიციპალიტეტების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის, სპეციალური საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, უმცირესობებისთვის, ახალგაზრდებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ფონდი ასევე ხელს შეუწყობს შემოქმედებითი ინდუსტრიების, კულტურული ტურიზმისა და მარშრუტების განვითარებას. მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებების, კულტურის დღეების, გამოფენების, კონცერტების, ფესტივალების, საგასტროლო და სხვა გასვლითი აქტივობების ხელშეწყობა იქნება.
სამინისტროს ინფორმაციით, ფონდი ადმინისტრირებას გაუწევს სახელმწიფო საგრანტო კონკურსებს გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით; იზრუნებს ქართველი ხელოვანების მონაწილეობაზე საერთაშორისო ბაზრობებზე, ფესტივალებზე, კონკურსებსა და შემოქმედებით პლატფორმებზე; ასევე ხელს შეუწყობს სახელოვნებო განათლების განვითარებას - უზრუნველყოფს კულტურის სფეროში გრანტების გაცემას და მოიზიდავს ინვესტიციებს, მხარს დაუჭერს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.
კულტურის ეროვნული ფონდის ხელმძღვანელი მინისტრის ბრძანებით დაინიშნება. 4 წლის ვადით, შეიქმნება სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც განსაზღვრავს ფონდის საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებს. საბჭოს შემადგენლობაში შევლენ როგორც საჯარო უწყებების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები;
საბჭოს გარდა, შეიქმნება საკონკურსო კომისიები - სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად გამოცხადებული თემატური კონკურსებისათვის; კომისიის წევრთა დაკომპლექტება მოხდება ღია კონკურსის წესით;
ფონდის ბიუჯეტი 50 მილიონ ლარამდე განისაზღვრება და მას ლიტერატურათმცოდნე ირმა რატიანი უხელმძღვანელებს.
„ირმა რატიანი ოცზე მეტი საერთაშორისო საგრანტო პროექტის ავტორი, ხელმძღვანელი და შემსრულებელია. სწორედ მისი ინიციატივით, საქართველოში შედარებითი ლიტერატურის ქართული საერთაშორისო ასოციაცია დაფუძნდა. ირმა რატიანი არაერთი საერთაშორისო სტიპენდიის მფლობელი და საერთაშორისო გამოცემების ექსპერტია“, – განაცხადეს კულტურის სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, ლიტერატურის მიმართულებით ორი სსიპ-ის (წიგნის ეროვნული ცენტრისა და მწერალთა სახლის) გაერთიანებით ჩამოყალიბებულ ერთ ორგანიზაციას ნატა ლომოური უხელმძღვანელებს და მას დაუბრუნდება სახელი - „მწერალთა სახლი“