როგორც „რეგინფოს“ დავით გირგვლიანმა უთხრა, 1987 წელს ამ სოფელში უკვე იყო ზვავი და მას შემდეგ, უშგულელებს ზამთარში მუდმივი საფრთხის ქვეშ ცხოვრება უწევთ.
„ვიდრე ამ კოშკებს გაამაგრებენ, მთავარი მოთხოვნაა, რომ ზვავისგან დამცავი აპარატურა დაამონტაჟონ, კოშკები რომ გააკეთონ და ზვავი წამოვიდეს, შესაძლოა, ისევ დააზიანოს. ზამთარში, როდესაც უხვი ნალექი და თოვლია, უშგულში ცხოვრება საშიშია. რეალურად ეს ხალხი ცხოვრობს შიშის ქვეშ. მეორე საშიშროება კი ის არის, რომ დანგრევის პირას მყოფი კოშკებიდან შეიძლება რაღაც გადმოვარდეს და ადამიანი იმსხვერპლოს.
ამ ხალხს ბევრი დაპირებები მისცეს, თუმცა არაფერი შეუსრულეს. ხდება მათი საჭიროებების, მათი უსაფრთხოების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების უგულებელყოფა. მთის კანონიდანაც არანაირი სარგებელი არ არის. ამ ყველაფერმა იმოქმედა ამ ადამიანებზეც და აპროტესტებენ ამ მძიმე ვითარებას“, – ამბობს დავით გირგვლიანი.
მისივე თქმით, ადგილობრივებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა სურთ.
უშგულის თემის სოფელ მურყმელში ჩარქსელიანების საგვარეულო კოშკის ზედა ნაწილი დაახლოებით ორი კვირის წინ ჩამოიშალა. როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, კოშკი უკვე იდენტიფიცირებული ჰქონდათ, როგორც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ნაგებობა და მისი რეაბილიტაცია იგეგმებოდა. მათივე თქმით, კოშკი აღდგენას ექვემდებარება და შესაბამისი სამუშაოები წელსვე დაიწყება.