weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აფხაზეთში უნიკალური არამეული წარწერა აღმოაჩინეს

14:34 სამშაბათი, 13 აგვისტო 2019

აფხაზეთში უნიკალური არამეული წარწერა აღმოაჩინეს. ამის შესახებ აფხაზური ახალი ამბების სააგენტო „აპსნიპრესი“ იუწყება.

ფილა, რომელზეც არამეული დამწერლობის 7 სიმბოლოა გამოსახული, აფხაზმა და რუსმა არქეოლოგებმა ერთობლივი ექსპედიციისას ქალაქ ოჩამჩირესთან ახლოს იპოვეს. ისინი ვარაუდობენ, რომ აღმოჩენა ახალი წელთაღრიცხვის მეექვსე საუკუნით თარიღდება და ტაძრის ნანგრევებს განეკუთვნება.

„რუსი და აფხაზი სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ეს არამეული დამწერლობაა, რომელიც გამოირჩევა თავისებური ხელწერით. ეს დასავლეთ ამიერკავკასიისთვის უნიკალური აღმოჩენაა“, - აცხადებს აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი არკადი ჯოპუა.

მისი თქმით, წარწერის თარგმნაზე სპეციალისტები ამჟამად მუშაობენ.

სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი კახა კვაშილავა „რეგინფოსთან“ საუბარში ადასტურებს, რომ დასავლეთ საქართველოს და მით უფრო, აფხაზეთის ტერიტორიაზე არამეულ ენაზე წარწერის აღმოჩენა უნიკალური შემთხვევაა.

„ამ ტერიტორიაზე ქართული და ბერძნული ენები და დამწერლობა იყო გავრცელებული. ამდენად, აქ არამეულ დამწერლობის აღმოჩენა პირველი და ძალიან საინტერესო შემთხვევაა. თუმცა, ეჭვს იწვევს თარიღი - სავარაუდოდ, შეცდომაა დაშვებული და დიდი ალბათობით ძველი წელთაღრიცხვის მეექვსე საუკუნეზეა საუბარი“, - ამბობს კახა კვაშილავა.

იგი ასევე აღნიშნავს, რომ, რუსი არქეოლოგი ალექსანდრ სკაკოვი, რომელიც ექსპედიციას ხელმძღვანელობს, თამამი მოსაზრებებით გამოირჩევა.

„ის საკმაოდ ავტორიტეტული, მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტია და სხვა კოლეგებისგან იმით გამოირჩევა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართველების არსებობის კვალს არ უარყოფს. ის ღიად ამბობს, რომ ეს აფხაზების სამშობლოა, მაგრამ ქართველებმა ძველ ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს“, - აღნიშნავს სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი.

რაც შეეხება უშუალოდ გასულ კვირაში აღმოჩენილ ფილას და სხვა ექსპონატებს, აფხაზური მედიის ცნობით, ისინი აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო მუზეუმში გამოიფინება.

არამეული დამწერლობა ჩრდილოეთსემიტური დამწერლობის ერთ-ერთი ძირითადი სახეობაა. ძველი წელთაღრიცხვით პირველი ათასწლეულის მეორე ნახევარში არამეული ანბანი გავრცელდა მთელ ახლო აღმოსავლეთში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]