weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაციისთვის ტენდერი ხელახლა გამოცხადდა

13:13 სამშაბათი, 20 აგვისტო 2019
ფოტო სატენდერო დოკუმენტებიდან ფოტო სატენდერო დოკუმენტებიდან

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაციისთვის ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 551 710 ლარია, სატენდერო წინადადებების წარდგენა 26 აგვისტოს დაიწყება და ოთხ დღეში დასრულდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმში სამუზეუმო სივრცის განახლებას, ვიზიტორთა ცენტრის პროექტის დამუშავებას და საფონდო და საგანმანათლებლო სივრცეების შექმნას.

როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, რეაბილიტაციისთვის დაფინანსებას მსოფლიო ბანკისგან მიიღებენ. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კი სამუშაოები 24 თვეში უნდა დაასრულოს.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა რეაბილიტაციისთვის ტენდერი მიმდინარე წლის ივნისშიც გამოცხადა, თუმცა მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.

ქართველი მწერლის, ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმი 1934 წელს დაარსდა. ამჟამად მუზეუმ-კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებულია სამი შენობა - ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმი, ნიკოლოზ ყაზბეგის (ალ. ყაზბეგის ბიძა) სახლი და ისტორიული მუზეუმი.

ალექსანდრე ყაზბეგის (1848-1890) მამისეული სახლი აშენებულია 1809-1814 წლებში. სახლ-მუზეუმში მწერლის მემორიალურ ნივთებთან და ბიბლიოთეკასთან ერთად, დაცულია არამარტო ხევის, არამედ კავკასიური კულტურისთვის დამახასიათებელი ნივთიერი და დოკუმენტური მასალა. კერძოდ, რეგიონის ყოფისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები (XIX-XX სს-ის დასაწყისის საოჯახო ნივთები, აქსესუარები, ჭურჭელი, ფარდაგები, ხურჯინები), არქეოლოგიური მასალა (ნუმიზმატიკა, საბრძოლო და სამუშაო იარაღების ფრაგმენტები, სამკაული, მოსართავები, თიხისა და კერამიკის ჭურჭელი), საეკლესიო დანიშნულების ნივთები, წიგნები, ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები.

ისტორიული მუზეუმის შენობა აშენებულია გასული საუკუნის 80-იან წლებში. მუზეუმის ეზოშია მწერლის საფლავი. მუზეუმს მიმდებარედ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია მდებარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]