ვიდეორგოლი, რომელიც საქართველოში სათავგადასავლო და ექსტრემალურ ტურიზმს ეხება, გამარჯვებული 750 ფილმს შორის გახდა. ვიდეო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის ფარგლებში მომზადდა. მას სოციალურ ქსელებში 17 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
„ვულოცავ გამარჯვებას ჩვენს ქვეყანას, გუნდს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ დიდ და საამაყო საქმეში. ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებისთვის ეს უდიდესი მიღწევაა. განსაკუთრებით მაშინ როდესაც ჩვენ მიზანია გამოვკვეთოთ საქართველოს კონკრეტული უპირატესობა მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე სათავგადასავლო ტურიზმის კუთხით. სათავგადასავლო ტურიზმი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა, საქართველო კი ამ მიმართულებით უნიკალური შესაძლებლობების ქვეყანაა და ეს ჯილდო ამ ფაქტის კიდევ ერთი აღიარებაა“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა.
სათავგადასავლო ტურიზმის მსოფლიო სამიტს (ATWS), სათავგადასავლო ტურიზმის საერთაშორისო ასოციაცია ყოველ წელს მართავს და ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ამ მიმართულებით. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ წელს სამიტში 55 ქვეყნის 700-ზე მეტი ტუროპერატორი, ბლოგერი და ჟურნალისტი მონაწილეობს.