„ამ დარბაზში მყოფ ერთ-ერთ თავისუფლება აღკვეთილ პირს მივესალმები. ეს გახლავთ მიხეილ თოდუა, რომლის დისკის პრეზენტაციასაც დღეს ვაკეთებთ. ეს არის ადამიანი, რომელმაც ჩვენთან ერთად გაიაზრა, რომ სწორედ ის ნივთიერება (რაც არ უნდა ერქვას მას), რასაც ჩვენი ზოგიერთი ახალგაზრდა ეტანება, არის ცუდი და ჩვენ მას საშუალება მივეცით, რომ გაეგრძელებინა თავისი სამუსიკო საქმიანობა ციხეში.
მე დიდი იმედი მაქვს, რომ როდესაც ის გათავისუფლდება, მეც დამეხმარება, ჩვენს პოლიციასაც დაეხმარება და განათლების სისტემას დაეხმარება იმაში, რომ აუხსნას ახალგაზრდებს, რა შეიძლება მოიტანოს არაკანონიერი ნივთიერების მოხმარებამ ცხოვრებაში.
გილოცავთ ამ დისკის გამოშვებას. როგორც თქვენ ამბობთ, ეს არის მსოფლიოს პენიტენციური სისტემის ისტორიაში პირველი ვინილის დისკი და მუსიკა ციხეში. მე მიხარია, რომ გერმანიაში მცხოვრები ჩვენი მუსიკოსის, ირაკლი კიზირიასა და თქვენი ერთობლივი ძალისხმევით ამ დისკმა შუქი იხილა. მადლობა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია გაგვიზიარეთ და იმედი მაქვს, რომ იმ გამოცდილებას, მათ შორის მწარეს, რომელიც მიიღეთ, სხვებს გაუზიარებთ, რომ ყველამ ერთმანეთის შეცდომებისგან ვისწავლოთ“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთი წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.
მიხეილ თოდუა, იგივე მიხაილო, 2013 წელს დააკავეს. სასამართლომ 12 გრამი „მდმას“ შეძენა-შენახვა-მოხმარებისთვის მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.