weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

2021 წელს ქართული ლიტერატურით ღირსეულად უნდა წარმოვაჩინოთ ჩვენი ისტორია – ბატიაშვილი

17:30 სამშაბათი, 08 ოქტომბერი 2019

2021 წლის 23 აპრილიდან თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს გადაიბარებს და ერთი წლის განმავლობაში აუდიტორიას მრავალფეროვან ღონისძიებებს შესთავაზებს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

„იუნესკოს გადაწყვეტილებით, 2021 წელს თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი გახდება - ვულოცავ ყველა თბილისელს და არა მარტო თბილისელს, ჩვენი ქვეყნის ამ უდიდეს გამარჯვებას. ვფიქრობ, ეს არის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით ღირსეული წარდგენის ლოგიკური გაგრძელება. ჩვენ შევძელით და მრავალ ქვეყანას ვუამბეთ ჩვენი ქვეყნის ისტორია და გავაცანით ჩვენი კულტურა.

ყველაზე მთავარი ამბავი ჩვენს დედაქალაქში ახლა იწყება - 2021 წელს ქართული ლიტერატურის მეშვეობით სტუმრების წინაშე ღირსეულად უნდა წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია და ფასეულობები.

 ამ პროცესში აქტიურად უნდა გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიებიც“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრის თქმით, ეს ახალგაზრდებში წიგნებისა და კითხვის პოპულარიზაციის უნიკალური შესაძლებლობაა.

„გვინდა, რომ ამ პროცესში აქტიურად იყოს ჩართული სკოლები – ჩვენი მომავალი თაობა, ჩვენი პედაგოგები, ჩვენი შვილები. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ეს მოვლენა არის უმნიშვნელოვანესი, როგორც ქართული კულტურის, ასევე განათლების სფეროსთვის“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

წიგნის მსოფლიო დედაქალაქი (World Book Capital) მასშტაბური პროექტია, რომელიც UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით, 2002 წელს დაარსდა. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და, ზოგადად, კითხვის პოპულარიზაციას, წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკარებისა და გამომცემლების ხელშეწყობას.

წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად თბილისის მერიამ და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებამ განაცხადი მიმდინარე წლის მაისში, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით წარადგინეს. თბილისმა გამარჯვება პირველივე ცდაზე მოიპოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]