ღონისძიებები 12:00 საათზე დაიწყება. გაიმართება უძველესი სახატე რიტუალი და ლუდის კოდის დალოცვა, ტურნირი ქართულ ჭიდაობაში, ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენა, ხალხური რეწვის ნიმუშებისა და წიგნების გამოფენა-გაყიდვა.
ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის ეზოში გაიხსნება ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში დაცული ვაჟა-ფშაველას პირადი ნივთების, ხელნაწერებისა და უნიკალური ფოტოების გამოფენა.
სახალხო დღესასწაულზე ტრადიციულად გაიმართება დოღი „ვაჟაობის მხედარი“. 15:00 საათზე კი ამფითეატრში დაგეგმილია გალა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ფოლკლორული ჯგუფები, ჯაზ-ფოლკ ბენდი, ანსამბლი „ალილო“ და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“.
ღონისძიებებზე დასწრების მსურველებს დუშეთიდან და თბილისიდან უფასო ტრანსპორტი მოემსახურება. ქალაქ დუშეთის ცენტრიდან სოფელ ჩარგლის მიმართულებით მიკროავტობუსი 09:00 საათზე გავა, ხოლო თბილისიდან (დიღომი, ვ. მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია) 08:00 საათზე.