weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სტალინის პირად ვაგონს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

18:52 კვირა, 29 დეკემბერი 2019

გორში, იოსებ სტალინის სახელობის მუზეუმში დაცულ სტალინის პირად ვაგონს, რომლითაც მან თეირანში, იალტასა და პოტსდამში იმოგზაურა, კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

„მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს - ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმის კომპლექსის შემადგენლობაში არსებულ სტალინის პირად ვაგონ-სალონს“, - აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის 16 დეკემბრის ბრძანებაში.

ანთიძის განმარტებით, ვაგონი-სალონისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების თხოვნით, სააგენტოს სტალინის მუზეუმის დირექტორმა მიმართა.

ვაგონის ინტერიერს შეადგენს: ტამბური, დერეფანი, სამზარეულო რუსული ღუმელით, შემდეგ სამი ორ ადგილიანი კუპე, სააბაზანო ოთახი ტუალეტით, სტალინის კაბინეტ-საძინებელი და სალონი-სათათბირო. ვაგონის შიდა ხედი წითელი ხისგან არის მოპირკეთებული.

2018 წელს სტალინის მუზეუმი 160 000-ზე მეტმა ვიზიტორმა დაათვალიერა. ყველაზე მეტი ვიზიტორი მუზეუმს ირანიდან, რუსეთიდან, ისრაელიდან, პოლონეთიდან და გერმანიიდან ჰყავდა.

იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი (სტალინი) 1878 წლის 21 დეკემბერს, გორში დაიბადა. სწავლობდა ჯერ გორის, შემდეგ კი თბილისის სასულიერო აკადემიაში, საიდანაც ის მარქსისტული იდეების პროპაგანდისთვის გარიცხეს. ცენტრალური კომიტეტის მდივნად იოსებ ჯუღაშვილი 1922 წელს რამდენიმე გადასახლებისა და აქტიური ბოლშევიკური მოღვაწეობის შემდეგ აირჩიეს.

1935-38 წლებში სტალინის მიერ გატარებულ რეპრესიებს მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით მილიონზე მეტი ადამიანი შეეწირა. მის დამსახურებას მიაწერენ მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერის არმიის დამარცხებას. მინიჭებული აქვს გენერალ სიმუსისა და საბჭოთა კავშირის გმირის წოდებები. სტალინი 1953 წელს გარდაიცვალა. ის მოსკოვში, კრემლის გალავათან არის დასაფლავებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]