„დღეს ჩვენი უახლოესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოღვაწის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, ასევე, მისი თაოსნობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის წლისთავს აღვნიშნავთ.
2019 წელს, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეზე, მისი ღვაწლის უკვდავსაყოფად საქართველოს მთავრობამ დააწესა ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემია ქართველოლოგიის განვითარებისთვის უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებისთვის. პრემია, რომელიც ყოველწლიურად სწორედ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს გაიცემა, მოიცავს კვლევებს საქართველოს შესახებ ენათმეცნიერების, ლიტერატურათმცოდნეობის, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფია/ეთნოლოგიის, კულტურის, ხელოვნების მიმართულებებით. ვულოცავთ ბატონ დავითს და მადლობას ვუხდით იმ შრომისთვის, რასაც იგი ქართველოლოგიის განვითარებისთვის, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში მისი რეპუტაციის განმტკიცებისთვის ეწევა“, - განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.
ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა ჩაატარა. საკონკურსო კომისიის წევრები საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო ინსტიტუტების აკადემიური, სამეცნიერო პერსონალის წარმომადგენლები, ქართველოლოგიის მიმართულებით მოღვაწე ცნობილი მეცნიერები იყვნენ.
გამარჯვებულს გადაეცემა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სიგელი, სპეციალური პრიზი და ფულადი ჯილდო 8000 ლარის ოდენობით.