weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საჩხერე-ონის გზის მშენებელ კომპანიას ნაეკლესიარის დაზიანებისთვის უჩივიან

19:40 ორშაბათი, 25 მაისი 2020

საჩხერე-ონის საავტომობილო გზის მშენებლობის სამუშაოები რაჭაში, სოფელ ბოყვასთან შეჩერებულია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მშენებელ კომპანიას არქეოლოგიური ობიექტის დაზიანებაში ადანაშაულებს. სააგენტოში განაცხადეს, რომ „ნიუ როუდმა“ დაარღვია შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, სამუშაოებს იქვე მდებარე „გორგოლას“ ეკლესიის ნანგრევებისთვის გვერდი უნდა აევლო.

არქიტექტურული კომპლექსი „გორგოლა“ სოფელ ბოყვასთან მდებარეობს და ის მე-20 საუკუნის დასაწყისის ეკლესიისა და სხვა სამეურნეო ნაგებობების ნანგრევებს მოიცავს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში „რეგინფოს“ განუმარტეს, რომ ჯერ კიდევ 2018 წელს, როდესაც საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა იწყებოდა, ადგილი არქეოლოგთა ასოციაციამ შეისწავლა. ასოციაციის დასკვნაში ნათქვამი იყო, რომ მომავალი სამუშაოები ბოყვის „გორგოლას“ ნაეკლესიარს საფრთხეს უქმნიდა.  სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ბექა ბარამიძის თქმით, სწორედ ამის შემდეგ შედგა შეთანხმება მშენებელ კომპანია „ნიუ როუდთან“, რომ სამუშაოები ნაეკლესიარს არ შეეხებოდა და გზა ობიექტს გვერდს აუვლიდა. 

2019 წლის დეკემბერში, გზის გაფართოების სამუშაოებისას, მიწის ფერდზე, ეკლესიის ნანგრევების ქვეშ მიწით ამოვსებული კრიპტის (საძვალის) კამარის ნაწილი, ძვლები და თიხის ჭურჭლის ნატეხები გამოჩნდა. ადგილობრივმა მირიან მეტრეველმა, რომელიც ამავე კომპანიაში პერიოდულად მშენებლობაზე მუშაობს, აღმოჩენის შესახებ ონის მუნიციპალიტეტის მერიას, ძეგლთა დაცვის სააგენტოს და ონის მუზეუმს შეატყობინა. პირველადი მოკვლევის შედეგად გამოვლენილი არქეოლოგიური მასალები ონის მუზეუმში გადაიტანეს. 

ამ ფაქტის შემდეგ ძეგლთა დაცვის უწყებამ პოლიციის რაიონულ სამმართველოს მიმართა. „ჩვენ იანვარში მივმარეთ წერილობითი თხოვნით პოლიციას, რომ დაწყებულიყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის არქეოლოგიური ობიექტის დაზიანების მუხლით, რამდენადაც შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და ვთხოვეთ არტეფაქტები გადაეცათ მუზეუმისთვის სათანადოდ დასაცავად“ , - უთხრა „რეგინფოს“ ბექა ბარამიძემ.

ძეგლა დაცვის უწყება კომპანიას პირობის შეუსრულებლობას და არქეოლოგიური ობიექტის განზრახ დაზიანებას ედავება და მისგან არქეოლოგიური კვლევისა და კონსერვაციის  დაფინანსებას ითხოვს.

გზის მშენებელი კომპანია „ნიუ როუდის“ დირექტორი დავით ჟღენტი „რეგინფოსთან“ საუბარში უარყოფს, რომ ძეგლთა დაცვის უწყებასთან რაიმე სიტყვიერი ან წერილობითი შეთანხმება არსებობდა. მისივე თქმით, კომპანიამ არათუ დააზიანა არქეოლოგიური ობიექტი, არამედ ნანგრევების ქვეშ თაღი შემთხვევით გამოჩნდა, შესაბამის უწყებებს კი სწორედ კომპანიამ შეატყობინა.

„არქეოლოგთა ასოციაციის მიერ მომზადებულ დოკუმენტში მითითებული ჯიპიეს კოორდინატები იყო არაზუსტი (იგულისხმება კოორდინატები, რომლებიც არქეოლოგიურ ობიექტს აღნიშნავდა - რედაქციის შენიშვნა), ეგ კოორდინატი საერთოდ არ ემთხვევა ამ ადგილს. ვიზუალური დათვალიერებისას ჩვენ ვნახეთ ქვები და ჯვარი. ადგილობრივ მოსახლეობას რომ ვკითხეთ, იქ ყოფილა ძველი ნაეკლესიარი. ამიტომ შესაბამისად მოვიქეცით, მივმართეთ დამკვეთს წერილობით და მოხდა გზის ღერძის გადაწევა, ანუ გვერდით გამოვიარეთ,“ - უთხრა „რეგინფოს“ დავით ჟღენტმა.

ძეგლთა დაცვის სააგენტოს საჩივრის საფუძველზე დაწყებული საქმის ძიება ჯერ არ დასრულებულა, თუმცა როგორც „რეგინფოსთვის“ გახდა ცნობილი, გამოძიებამ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები დაკითხა. დღეისთვის საჩხერე-ონის გზის მშენებლობა ბოყვის მონაკვეთის გარეშე გრძელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]