გამოცემა „სამხრეთის კარიბჭესთან“ დერცელში მცხოვრები დავით ბერიძე ამბობს, რომ საქონლის შეღებვის ეს ტრადიცია, სავარაუდოდ, 1950-იანი წლებიდან იღებს სათავეს, როდესაც დერცელში მაღალმთიანი აჭარიდან ხალხი ჩაასახლეს.
„რაიმე ისტორიული წარმოშობა არ აქვს. ეს ძირითადად გაზაფხულს უკავშირდება. უღებავენ რქებს, თავს, აბამდნენ სხვადასხვანაირ აქსესუარებს, რომ ავმა თვალმა არ იმოქმედოს. ტრადიცია ძირითადად აჭარაშია შემორჩენილი და ჩვენთან ხალხი ხომ ძირითადად იქიდან არის გადმოსული“, - აღნიშნავს დავით ბერიძე „სამხრეთის კარიბჭესთან“.
პირუტყვის მორთვის მსგავსი ტრადიცია არსებობს ავსტრიის მაღალმთიან რეგიონებშიც, სადაც რიტუალი აგვისტოს ბოლოდან სექტემბრის ბოლომდე პერიოდში, საქონლის მთიდან ბარში დაბრუნების დროს სრულდება. უწინ ავსტრიელ ფერმერებსაც მიაჩნდათ, რომ დეკორაციები პირუტყვს ბოროტი სულებისგან იცავდა. წლების განმავლობაში საქონლის გადმორეკვის ასეთმა წესმა ხალხის ყურადღება მიიქცია და ახლა მას ყოველწლიური ფესტივალის სახეც აქვს.