weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას შიდა ტურიზმის მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს

22:24 კვირა, 28 ივნისი 2020

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, უჯარმის ციხის კომპლექსი დაათვალიერა. უჯარმის ციხე ვიზიტორებისთვის პირველი ივლისიდან გაიხსნება.

„ადგილობრივი ტურიზმის მხარდაჭერის ფარგლებში, როცა ეტაპობრივად იხსნება მუზეუმები და მუზეუმ -ნაკრძალები, საქართველოს პრეზიდენტი განაგრძობს, როგორც უცნობი ასევე, ფუნდამენტური მნიშვნელობის ტურისტული დანიშნულების ადგილების მონახულებას და საზოგადოებასაც შიდა ტურიზმის მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს“, - აცხადებენ პრეზიდენტის პრეს-სამსახურში.

მათივე ცნობით, უჯარის ციხის კომპლექსი პრეზიდენტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ დაათვალიერებინა და ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„განვლილი სარეაბილიტაციო ეტაპების ფარგლებში, კომპლექსის ციტადელი სრულად გაიწმინდა ნაყარი მიწის ფენისგან. ასევე სრულად აღდგა და ციხე-ქალაქის აღმოსავლეთ ფერდობის გალავნის კედელი. საკონსერვაციო სამუშაოებმა მოიცვა ციტადელის უმეტესი არქიტექტურული წყობები, რომლის რამდენიმე მონაკვეთი მნიშვნელოვნად იყო მორღვეული, ხოლო რიგ შემთხვევებში კი მთლიანად ჩამოშლილი. კონსტრუქციული წყობების გაწმენდისა და კონსერვაციის შემდეგ, უჯარმის ციტადელზე ვიზიტორებისთვის მოაჯირები და გადასახედები დამონტაჟდა. ახლად გამოვლენილ სიმაღლეებზე კი მოეწყო ლითონის საფეხურები და ქვის ბილიკები. სრულად განახლდება უჯარმის ვიზიტორთა ცენტრის შენობა, რომელიც შემეცნებით-საინფორმაციო და მულტიმედიური საექსპოზიციო დანადგარებით აღიჭურვება“, - აღნიშნულია პრეზიდენტის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

წელსვე, უჯარმის ციხე-ქალაქის სრული არქიტექტურული გეგმარების გამოსავლენად არქეოლოგიური პროცესი წარიმართება. ციხე-ქალაქის სარესტავრაციო-საკონსერვაციო პროექტი სავარაუდოდ 2022 წლისთვის დასრულდება.

უჯარმა, ისტორიული ცნობების მიხედვით, III-IV საუკუნეთა მიჯნაზე წარმოიქმნა და იმ დროისთვის ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ცენტრს წამოადგენდა. უჯარმის ციხის აღმშენებლობა და განვითარება ძირითადად მეფე ვახტანგ გორგასალის სახელთანაა დაკავშირებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]