weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ასპინძელმა ჩინოვნიკებმა ანსამბლები დააშინეს - გიორგი უშიკიშვილი

11:32 სამშაბათი, 21 ივლისი 2020

მომღერალმა და ფოლკლორისტმა გიორგი უშიკიშვილმა 20 ივლისს, გადაცემისთვის „ჩვენებური ევროპა“ ასპინძაში ანსამბლ „წუნდას“ მიერ შესრულებული მესხური სიმღერები ვერ ჩაწერა. გამოცემა „სამხრეთის კარიბჭესთან“ ინტერვიუში უშიკიშვილი ამბობს, რომ ანსამბლის წევრებს გადაცემაში მონაწილეობაზე უარი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ათქმევინეს.

ჩვენებური ევროპა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გადის და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მხარდაჭერით მზადდება. გადაცემის წამყვანი გიორგი უშიკიშვილია.

„სამხრეთის კარიბჭესთან“ უშიკიშვილი ამბობს, რომ „წუნდას“ ხელმძღვანელობა ჯერ ჩაწერაზე შეუთანხმდა, ხერთვისის ციხის ტერიტორიაზეც მივიდნენ, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის დავალებით თუ დაშინებით, ანსამბლის წევრებმა სიმღერაზე უარი თქვეს. უშიკიშვილის თქმით, გადაცემის პროდიუსერთან კომუნიკაცია ლევან ბერიძეს ჰქონდა, რომელიც ასპინძის მერის მოადგილეა.

„ჩვენს პროდიუსერთან დარეკა ვინმე ლევან ბერიძემ, რომელიც ითხოვდა ჩვენი ჯგუფის სახელები და გვარები მიგვეწოდებინა - ითხოვდა პასუხს, რატომ არ არის შეთანხმებული ჩვენი მოძრაობა გუბერნატორთან ან ვიცე-გუბერნატორთან და ა.შ.. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ ფოლკლორული ანსამბლი, რომელიც ფაქტობრივად ჩაცმულები იყვნენ და გამზადებულები, გარკვეული დაშინების ფორმით სახლებში გააგზავნეს და ათქმევინეს ჩემთვის, რომ სიმღერა არ იციან, ვერ მღერიან“, - ამბობს უშიკიშვილი „სამხრეთის კარიბჭესთან“.

გიორგი უშიკიშვილი მიიჩნევს, რომ ასპინძელი ჩინოვნიკები პრობლემას ხედავენ იმაში, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსებული ანსამბლები მათ უნდა გადაეღოთ: „ამიტომ ეს ანსამბლები დააშინეს, რომ ჩვენთან ურთიერთობა არ ჰქონოდათ“.

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლევან ბერიძე ადასტურებს, რომ გადაცემის პროდიუსერს ესაუბრა, ოღონდ იგი ანსამბლთან დაკავშირებას შეპირდა.

„მათმა პროდიუსერმა დამირეკა ჩაწერა გვინდაო, მე ვუთხარი გაგირკვევთ და პასუხს გეტყვით-მეთქი. რომ დავურეკე, ანსამბლის წევრებმა მითხრეს კი, გვქონდა მოფიქრებული, რეპეტიციებს გავდიოდით, მაგრამ შევატყეთ, რომ ვერ ვიმღერებდითო და უარი განაცხადეს. რამდენიმე ხანში მოვემზადებით და ჩვენ თვითონ დავურეკავთ და ჩავეწერებითო“, - აცხადებს ლევან ბერიძე.

მერის მოადგილე „სისულელეს“ უწოდებს ინფორმაციას, თითქოს ადგილობრივ თვითმმართველობასთან რაიმეს შეთანხმება მოითხოვა.

„პოპულარიზაციას აკეთებენ ჩვენი კუთხისა, ჩვენი კულტურისა და მაგაზე ხელი როგორ უნდა შეუშალო ქართველმა ადამიანმა?!“, - აცხადებს ის.

„სამხრეთის კარიბჭესთან“ ანსამბლ „წუნდას“ ხელმძღვანელმა, ბექა ზედგინიძე თქვა, რომ გადაცემაში მონაწილეობა მოუმზადებლობის გამო არ მიიღეს. მისივე თქმით, ხერთვისის ციხის ტერიტორიაზე არ მისულან და გადაცემის გადამღებ ჯგუფს კულტურის სახლში ელოდნენ.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]