weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ფიტარეთის XIII საუკუნის მონასტერი საფრთხეშია – საყდრისის კომიტეტი

21:11 პარასკევი, 04 აგვისტო 2017

ფიტარეთის მონასტერთან საყდრისის კომიტეტმა დღეს გამაფრთხილებელი აქცია "გადაარჩინე ფიტარეთი" გამართა. კომიტეტის წევრების განცხადებით, ოქროს მომპოვებელმა კომპანია RMG Gold-მა XIII საუკუნის ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის მახლობლად, ბნელი ხევის ტერიტორიაზე აფეთქება განახორციელა, რამაც შესაძლოა მონასტერს ზიანი მიაყენოს. აქციის მონაწილეების თქმით, არსებობს ხულუტის ციხის დაზიანების საფრთხეც.

"საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის" წევრებმა განაცხადეს, რომ აფეთქება მაქსიმალური მუხტით და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ნებართვის გარეშე მოხდა. აქციის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდეს, რომ ფიტარეთთან არსებული ვითარება პირად კონტროლზე აიყვანოს.

კომპანია RMG Gold-ი უახლოეს მომავალში ბნელი ხევის ტერიტორიაზე ღია კარიერული წესით ოქროს მოპოვებას გეგმავს.

"საყდრისის კომიტეტის მოთხოვნით 26 მარტს, კულტურის სამინისტრომ შეაჩერა კომპანიის მიერ 10 მაისს დაანონსებული ბნელი ხევის საბადოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის (გზშ) განხილვა იმ მიზეზით, რომ საერთოდ არ იყო შესწავლილი კომპანიის მიერ ბნელი ხევის კულტურული მემკვიდრეობა", - აცხადებენ საყდრისის კომიტეტში.

ფიტარეთთან გამართულ აქციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გამოეხმაურა. მათი განცხადებით, RMG Gold-ის მხრიდან აფეთქება სააგენტოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.

"როგორც გაირკვა, RMG Gold-ის მენეჯმენტი არ მიიჩნევდა საჭიროდ ეს ჩვენთან შეეთანხმებინათ. ჩვენი ინსპექტირების ჯგუფი აუცილებლად გაერკვევა ამ ვითარებაში. ადგილზე შეისწავლის კონკრეტულ ადგილს, სადაც მოხდა ეს აფეთქება, თუკი ასეთი არსებობდა და ამ დასკვნის საფუძველზე გამოირკვევა იყო თუ არა სავალდებულო სააგენტოსთან ამ ქმედების შეთანხმება აუცილებელი. განისაზღვრება ეს ადგილი ეხება თუ არა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონას და ამის შემდეგ ჩვენ უკვე შეგვეძლება კონკრეტულად იმის თქმა, იყო თუ არა მათი ქმედება ნორმატიულ ჩარჩოში მოქცეული", - ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადებაში.

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მისი აშენება ლაშა-გიორგის მეფობის პერიოდს უკავშირდება და 1213-1222 წლებით თარიღდება. სამონასტრო კომპლექსის შემადგენლობაში შედის: ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, სამრეკლო, მარანი, გალავანი, ბაქანი, საძვალე და სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები.

ფიტარეთობა ყოველი წლის 4 დეკემბერს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღინიშნება.

 

ამ თემაზე იხილეთ: რეპორტაჟი ფიტარეთობიდან

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]