weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გელათის მონასტრის მთავარი ტაძრის გადახურვა უკიდურესად გაჭიანურდა – ICOMOS საქართველო

11:25 ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი 2020

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის - გელათის მონასტრის კონსერვაციული მდგომარეობა ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს (ICOMOS) ეროვნულმა კომიტეტმა შეისწავლა.

საქართველოს მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 13 მარტის ანგარიშიდან ცნობილი გახდა, რომ მთავარი ტაძრის (ღვთისმშობლის შობის ეკლესია) ახლად რეაბილიტირებული სახურავი ყინვის შედეგად დაზიანდა, რის შედეგადაც დასავლეთ მკლავში წყალი ჩადიოდა და ზიანდებოდა კედლის მხატვრობა.

„ICOMOS საქართველოს“ განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშში გადაუდებელ ღონისძიებად დასახელებული იყო დროებითი გადახურვის მოწყობა, ძეგლზე გადახურვის მოწყობა უკიდურესად გაჭიანურდა და მხოლოდ სექტემბრის ბოლოს მოეწყო გუმბათის გარშემო ისე, რომ ფარავს მხოლოდ მკლავთა კუთხეებში ტრომპების გადახურვებს და მკლავების მცირე ნაწილს.

„რაც შეეხება ტაძრის დანარჩენ ნაწილებს, შემუშავებულია პროექტი, რომელიც მათ სეგმენტურად გადახურვას ითვალისწინებს მომავალში. დროებითი გადახურვის ასეთი მეთოდი რომ ვერ უზრუნველყოფს კედლის მხატვრობის სრულ დაცვას, პროექტის განმარტებით ბარათშიც არის მითითებული. რაც შეეხება წმ. გიორგის ეკლესიას, აგვისტოს ბოლოს, როგორც დროებითი დაცვითი ღონისძიება, ეკლესის სამხრეთ ფასადზე მოხდა ქვის გახსნილი ნაკერის ამოვსება საკონსერვაციო ხსნარით.

აუცილებელია ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე მოეწყოს საიმედო სრული გადახურვა, რომელიც უზრუნველყოფს სათანადო დროს და პირობებს დაკვირვებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი მდებარეობს სპეციფიკური კლიმატური პირობების არეალში, თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიები, საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითების გათვალისწინებით, ამის საშუალებას იძლევა, თუმცა, ასეთი ამოცანის გადჭრას სათანადო რესურსები სჭირდება.

მხოლოდ სრული გადახურვის მოწყობა შეიძლება გახდეს იმის გარანტი, რომ ჩატარდეს დაზიანებათა და მათი გამომწვევი მიზეზების სრულფასოვანი შესწავლა, რასაც დრო სჭირდება. სეგმენტური გადახურვა შესაძლოა საკმარისი იყოს წმ. გიორგის ეკლესიისთვის, რომელსაც ასევე ესაჭიროება დროებითი გადახურვა“, – ნათქვამია „ICOMOS საქართველოს“ განცხადებაში.

ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ დაუშვებელია სიჩქარე დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციისას და არ შეიძლება პირველი რიგის ამოცანად დასახული იქნას დახარვეზებული კრამიტის გამოცვლა. „ICOMOS-საქართველოს“ განცხადებით, სახურავების რეაბილიტაცია უნდა მოხდეს კედლის მხატვრობის დაზიანებების გამომწვევი მიზეზების დეტალური შესწავლის შემდეგ.

„მნიშვნელოვანია, დაზიანებული სახურავების რეაბილიტაციამდე, სახელმწიფომ უზრუნველყოს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მხრიდან ტექნიკური შეფასების დოკუმენტები, არამხოლოდ დროებითი გადახურვის პროექტზე, არამედ პროექტის სხვა კომპონენტებზეც, როგორიცაა სახურავის რეაბილიტაციის პროექტი, ქვის კონსერვაცია და აშ., ვინაიდან ეროვნული სააგენტოს ანგარიშებიდან ნათლად ჩანს, რომ კრამიტის ხარისხი დაზიანების ერთადერთი მიზეზი არ არის და პრობლემურია კრამიტის დაწყობის ტექნოლოგიაც და სახურავის მოწყობა წყლის გადაყვანის თვალსაზრისით“, – აცხადებს „ICOMOS-საქართველო“.

ორგანიზაციის თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მწირი და არადამაკმაყოფილებელი გამოცდილება აქვს საეკლესიო ხუროთმოძღვრების კრამიტით რესტავრაციის საკითხებში განსაკუთრებით საჭიროა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო ექსპერტიზა.

გელთის მონასტერის კონსერვაციის გეგმით გათვალისწინებული სარესტავრციო სამუშაოები 2014-2019 წლებში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კოორდინაციითა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა. „ICOMOS-საქართველოს“ ინფორმაციით,  UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის დოკუმენტაციიდან ჩანს, რომ ეროვნულ სააგენტოს ზოგადად დადებითი შეფასება აქვს მიღებული კონსერვაციის გეგმაზე, ხოლო საერთაშორისო ICOMOS-ის ტექნიკური შეფასება მხოლოდ მთავარი ტაძრის გუმბათის ყელის სტრუქტურულ გამაგრებაზეა გაკეთებული. ასეთი შეფასება არ არის გაკეთებული არც სახურავის რეაბილიტაციის პროექტზე და არც ქვის კონსერვაციის კომპონენტზე.

„კედლის მხატვრობის საგანგაშო მდგომარეობა, როგორც მთავარ ტაძარში, განსაკუთრებით კი წმ. გიორგის ეკლესიაში, 2010 წლიდან მოყოლებული ყველა შეფასების დოკუმენტის მთავარი თემაა. სწორედ ამიტომ იყო სახურავების რეაბილიტაცია დიდი პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. შესაბამისად, დღეს გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში და წმ. გიორგის ეკლესიაში შექმნილი ვითარების გამომწვევი მიზეზები სცილდება 2020 წელს განვითარებულ მოვლენებს, რომელმაც ნამდვილად დაამძიმა კედლის მხატვრობის დაზიანების ხარისხი და შეიქმნა კრიზისული მდგომარეობა, რომელსაც მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის შესაბამისი მართვა ესაჭიროება“, – ნათქვამია „ICOMOS-საქართველოს“ განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]