კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღდგენის შემდეგ როტონდას თავდაპირველი ფუნქცია დაუბრუნდება. გადმოცემით, როტონდაზე დამონტაჟებული იყო სანათური, რომელიც შუქურასავით ანათებდა და სოფლის თითქმის ყველა ნაწილიდან ჩანდა.
არტ-ვილა გარიყულა პოლონური წარმოშობის თბილისელმა ინჟინერმა ვასილ ბოლგარსკიმ 1885 წელს ააშენა. მის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება. ცნობილია, რომ ის იყო ჭრელი აბანოს კომუნიკაციების, დღევანდელი ეროვნული გალერეისა და ახლა უკვე აღარარსებული თბილისის სამხედრო ტაძრის ინჟინერი. სოფელ გარიყულაში მას ჰქონდა საკმაოდ დიდი მეურნეობა, რომელიც მოიცავდა მარანს თავისი საწნახელითა და ქვევრებით (დღემდე მოქმედია), სამაცივრე მეურნეობას, ვრცელ ვენახებს და საკონსერვო წარმოებას.
გასაბჭოების შემდეგ ბოლგარსკი „გააკულაკეს“, მოახდინეს მისი ქონების კონფისკაცია, სააგარაკო მამულში კი სკოლა პანსიონი გახსნეს. მოგვიანებით შენობა სამხატვრო აკადემიას გადაეცა, მაგრამ საკმაოდ სწრაფად ისევ სახელმწიფოს გამგებლობაში გადავიდა. XX საუკუნის 80-იან წლებში, ნახევრადდანგრეულ შენობაში ადგილობრივები თივას ინახავდნენ.
ბოლგარსკიანთ სასახლის ახალი ისტორია 2000 წელს დაიწყო, როცა თბილისელი მხატვრის, ყარამან ქუთათელაძის ინიციატივით მოხდა ტერიტორიის დასუფთავება და ნაგებობის აღდგენა. სამუშაოებში მოხალისეებად იყვნენ ჩართულები თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, ქართველი და უცხოელი არქიტექტორები. ნახევრადდანგრეულმა ბოლგარსკიანთ სასახლემ ახალი ფუნქცია შეიძინა - გარდაიქმნა ხელოვნების რეგიონულ ცენტრად.
შენობის აღდგენასთან დაკავშორებული ყველა სამუშაო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგით განხორციელდება. პროექტის მხარდამჭერია "თი ბი სი" ბანკი.