მწერალმა დონალდ ტრამპი 1979 წლის რომან „მკვდარი ზონის“ (The Dead Zone) პერსონაჟ გრეგ სტილსონს შეადარა. იგი სიუჟეტის მიხედვით ამერიკელი სენატორია, რომელსაც პრეზიდენტობა სურს. მასთან შეხვედრისას ნაწარმოების მთავარი გმირი, ნათელმხილველი ჯონი სმითი წარმოიდგენს, როგორ ხდება გრეგ სტილსონი პრეზიდენტი და იწყებს ატომურ ომს რუსეთთან, რასაც დედამიწაზე ბირთვული ჰოლოკოსტი მოაქვს.
„სტილსონს დასცინოდნენ, როდესაც მას ნიუ ინგლენდში პატარა ქალაქის მერობა სურდა, მას დასცინოდნენ მაშინაც, როდესაც წარმომადგენელთა პალატაში მოხვედრა სურდა, თუმცა ყველაფერში გაიმარჯვა. გეცნობათ რამე?!“ - აღნიშნა საშინელებათა ჟანრისა და თრილერების გამოჩენილმა ავტორმა.
მეორე პერსონაჟი, რომელსაც სტივენ კინგმა ტრამპი შეადარა, 2009 წელს გამოქვეყნებული სამეცნიერო ფანტასტიკური რომანის „გუმბათის ქვეშ“ (Under the Dome) ანტიგმირი ჯიმ რენია, რომელიც სოციოპათი, თაღლითი და თვითმარქვია პერსონაჟია.
„ჯიმ რენი კრიზისის დროს ყველაზე ცუდი ვარიანტია ასარჩევად, თუმცა იგი ქვეშქვეშა პოპულისტია და ხალხისთვის საჭირო მიმწოდებელია. იმას კი აღარ აქვს მნიშვნელობა, რომ საუკეთესო შემთხვევაში არაკომპეტენტურია და უარეს შემთხვევაში - ძალიან ბოროტი,“ - დასძინა სტივენ კინგმა.
შეგახსენებთ, რომ სტივენ კინგის უამრავი ნაწარმოები ფილმებად და სერიალებადაა სხვადასხვა დროს გადაღებული. ზემოთხსენებული ორი რომანის გარდა, საუკეთესო ეკრანიზაციებად მიჩნეულია: „ნათება“ (The Shining), „კერი“ (Carrie), „ის“ (It), „მიზერი“ (Misery), „შინაური ცხოველების სასაფლაო“ (Pet Semetary), „გაქცევა შოუშენკიდან“ (Shawshank Redemption), „მწვანე მილი“ (The Green Mile), „ნისლი“ (The Mist) და სხვა.