weather cur horoscope tv
აპრილი 11, 2021

ხადას ხეობა საფრთხეში მყოფი მემკვიდრეობაა – ICOMOS-ის ანგარიში

18:31 ხუთშაბათი, 24 დეკემბერი 2020 hits 404

ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭომ (ICOMOS) გამოაქვეყნა კრებული „მემკვიდრეობა საფრთხის ქვეშ“, რომელშიც 23 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, წარდგენილი ანგარიშებია შესული. საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლებს/ადგილებს შორის დასახელებულია ბათუმის ურბანული მემკვიდრეობა, დავით გარეჯის მონასტრები და ხადას კულტურული ლანდშაფტი.

ICOMOS-საქართველო განმარტავს, რომ საქართველოდან ანგარიშები 2019 წელს წარადგინეს და მიუხედავად იმისა, რომ კრებულის გამოცემა გაჭიანურდა, იქ წამოჭრილი პრობლემები კვლავაც აქტუალურია.

კრებული-ანგარიშის შესავალში წერია, რომ ხადას ხეობაზე გამავალი ჟინვალი – ლარსის საავტომობილო გზის მოდერნიზაციის სამთავრობო პროექტმა შესაძლოა სერიოზული გავლენა იქონიოს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობაზე.

ხადას ხეობის შესახებ ანგარიშში ვკითხულობთ:

საქართველოს მთავრობამ წამოიწყო რეგიონული განვითარების პროგრამა (2018–2021 წლები), რომლის მიზანია ქვეყნის ძირითადი გზების გაუმჯობესება, მათ შორის ჟინვალი – ლარსის გზის მოდერნიზაცია, რომელიც კავკასიონის მთებს კვეთს. აღნიშნულმა პროექტმა საქართველოს, მის მეზობელ ქვეყნებსა და რუსეთს შორის ტრანსპორტის გადაადგილებას და საქონლის ტრანზიტს უნდა შეუწყოს ხელი.

ჟინვალი-ლარსის გზის პროექტი, რომელიც საქართველოს გზების დეპარტამენტმა შეიმუშავა, შედგება სამი ფაზისგან. პირველი - ქვეშეთი-კობის მონაკვეთი ყველაზე რთულია და მისი ძირითადი ნაწილის განხორციელება დაგეგმილია მრავალმხრივ განსაკუთრებულ ხადას ხეობაში. ასე რომ, აუცილებელია შესწავლილი იქნეს პროექტის გავლენა ამ რეგიონის კულტურულ მემკვიდრეობაზე.

ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის ივლისში, საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის წერილის საპასუხო წერილში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აღნიშნავდა, რომ ხადას ხეობა ხასიათდება მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიმრავლით და რომ ეს ადგილები სრულად არ იყო იდენტიფიცირებული და შესწავლილი. სააგენტო ასევე აცხადებდა, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასება არ იყო ჩატარებული და ტერიტორიის არქეოლოგიური შეფასების დოკუმენტაცია, რასაც კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონი ითხოვს, არ ყოფილა წარდგენილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ დღემდე არ არის სრულყოფილი შეფასება ჩატარებული იმის შესახებ, თუ რა გავლენა ექნება პროექტს ხადაში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობაზე.

„ხეობაში შემთხვევით ნაპოვნი არქეოლოგიური ნაშთები ადასტურებს ენეოლითის პერიოდიდან იქ დამიანის უწყვეტ ცხოვრებას. კლდის ციხესიმაგრეები, გაფანტული ცალკეული კოშკები, ეკლესიები, მემორიალური ადგილები (კაიშაურის პლატო, ძველი სასაფლაოები), წარწერებიანი ქვები და მაღალი ჯვრები ჰარმონიულ ერთიანობას ქმნის ამ ჯადოსნურ, ხელუხლებელ ბუნებრივ გარემოში მაშინ, როცა მისი კულტურული და ისტორიული ღირებულება ჯერ არ არის შესწავლილი და შეფასებული.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არქიტექტურული მემკვიდრეობის ძეგლები - ეკლესიები, ხუთიდან შვიდი მეტრი სიმაღლის კოშკები, ქვის კედლები და სხვა ნაგებობები (მე–9, მე–10, მე–18 და მე–19 საუკუნეები) ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და სერიოზულ მოვლას საჭიროებს მათი ასაკისა და ფიქალის ქვის მშრალი კონსტრუქციის გამო. შემოთავაზებული პროექტის თანახმად, ისტორიული ნაგებობების ერთი ჯგუფი დაგეგმილი სამშენებლო ზონიდან მხოლოდ 50 მეტრით არის დაშორებული, რაც მნიშვნელოვან ზარალს გამოიწვევს“, – ვკითხულობთ სტატიაში.

პროექტის მიხედვით, უნდა აშენდეს ოთხი გვირაბი (ერთი კაიშაურის პლატოზე, ხოლო 9 კილომეტრიანი მთავარი გვირაბი წკერეში მთის ქვეშ), ექვსი ხიდი და სამი მეორადი გზა. ტექნიკური მოწყობილობებისთვის შენობა განთავსებული იქნება გვირაბის სამხრეთ შესასვლელთან, ხადას ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს სათავსოებს, სატუმბ სადგურს და სავენტილაციო ოთახს. გვირაბისა და მიწის სამუშაოების შედეგად შეგროვებული მასალებისთვის მოეწყობა შესაბამისი ნაგავსაყრელები.

„რისკი ძალიან მაღალია ამ პატარა ხეობისა და მისი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის, რომლებიც განლაგებულია პროექტის დერეფნის გასწვრივ გზებიდან 50 მეტრის მანძილზე, რადგან არ არსებობს სპეციალური ინვენტარიზაცია და არ ხდება ამ ადგილების აღრიცხვა და შესწავლა. ეს სერიოზულ ეჭვს იწვევს პროექტის მიმართ“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ვკითხულობთ, რომ სპეციალური კვლევების გარეშე ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთი საგანგაშო ვითარებას შექმნის ხადას ისტორიული ხეობისთვის, რომელიც ხასიათდება არქეოლოგიის, ბუნების, ისტორიისა და არქიტექტურის უდავოდ გამორჩეული ძეგლების სიუხვით და მთლიანობით.

„ამ ტერიტორიაზე, რომელსაც დიდი კულტურული და ტურისტული პოტენციალი აქვს, გზის პროექტის განხორციელება სეროზული ზიანის მომტანი იქნება ბუნებისთვის, კულტურული მემკვიდრეობისთვის, ადგილობრივი თემებისთვის და მომავალში მიგვიყვანს ხეობის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისათვის საჭირო რესურსების შეუქცევად არასწორ გამოყენებამდე.

საკითხის სიმძიმე პასუხისმგებლობას აკისრებს ყველას ჩვენთაგანს, რომ დავიცვათ და გადავარჩინოთ ხადას ხეობა და სასწრაფოდ მოვითხოვოთ ალტერნატიული გადაწყვეტილების მიღება „ჟინვალი-ლარსის გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე“, რომელიც რისკის ქვეშ აყენებს გამორჩეულ ხადას ხეობას, მის ფასდაუდებელ ლანდშაფტებს და კულტურულ მემკვიდრეობას“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მთავრობის მიერ შემოთავაზებულ პროექტს სხვადასხვა პროფესიული ორგანიზაციებისა და ადვოკატირების ჯგუფების პროტესტი მოჰყვა. ისინი არსებული გზის პროექტის ალტერნეტიული პროექტით შეცვლის საკითხს განიხილავენ.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]