ეროვნული ბანკის ცნობით, 5 ლარის ნომინალის ვერცხლისა და ოქროს საკოლექციო მონეტებისათვის ესკიზი ღია კონკურსის წესით შეირჩა და ავტორი ლევან კაკიაშვილია. მონეტები ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანაში მოიჭრა. ვერცხლის მონეტის ფასია 100 ლარი, ოქროს მონეტის კი - 1690 ლარი. მათი შეძენა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის ონლაინ მაღაზიის - https://moneymuseum.nbg.gov.ge საშუალებით არის შესაძლებელი.
„მონეტების უფრო მეტი კოლექციონერის ხელმისაწვდომობისთვის, პროდუქცია 2020 წლის 28 დეკემბრიდან 5 დღის განმავლობაში ლიმიტირებულად გაიყიდება - ერთ მომხმარებელს არაუმეტეს ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მონეტის შეძენა შეეძლება“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.
მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს მეფე ერეკლე II-ის პორტრეტის გამოსახულება (პორტრეტის ორიგინალი დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში). მონეტაზე ასევე დატანილია ერეკლეს ხელრთვა „ერეკლე“, მისი ხმალი (ორიგინალი დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში) და მეფის დაბადებისა და გარდაცვალების წლები - 1720 და 1798. მონეტის ქვედა, ცენტრალურ ნაწილში კი განთავსებულია ერეკლე II-ის სახელით თბილისის ზარაფხანაში მოჭრილი მონეტა, რომელზეც გამოსახულია ბაგრატიონთა საგვარეულო გერბი: გვირგვინი, სასწორი, სფერო, სკიპტრა და მახვილი. ვერცხლის მონეტის შემთხვევაში, აღნიშნული დეტალი მოოქროვილია. მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ივერიული (ქართული) გვირგვინი. მონეტაზე დატანილია წარწერები: „საქართველო“, „5 ლარი“, „GEORGIA“ და „2020“.