„მუსიკის ყველა ჟანრი საინტერესოა, როდესაც გამორჩეულ ნიჭთან და ნამდვილ ხელოვნებასთან გვაქვს საქმე“ - ამბობს მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი, რომელიც 23 აგვისტოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს უდირიჟორებს.
Profusion-ს, იტალიელებთან ერთად, ქართველი წევრიც ჰყავს, ვლადიმერ სიჭინავა, ის დრამზე უკრავს, არის ვოკალისტი და ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ასევე წევრები არიან: ჯონათან კარადონა – კლავიში, ფორტეპიანო, დავიდე პეპი – ელექტროგიტარა, აკუსტიკური გიტარა, დუჩო მაჩანტი – ბასგიტარა, ატია მატეი – ვოკალი, იაკოპო პეტტინი – ხმის ინჟინერი.
Profusion-ის მუსიკა ქართულ და ხმელთაშუა ზღვის კულტურებს აერთიანებს, მათ ამ დრომდე სამი ალბომი აქვთ გამოცემული და სხვადასხვა მუსიკალური ფესტივალის მონაწილენი არიან. რიგით მესამე ალბომში მათ ანიტა რაჭველიშვილთან ითანამშრომლეს, ამავე ალბომის მონაწილე იყო „შინის“ სოლისტი, მამუკა ღაღანიძე. 2017 წელს გამოსაცემად მზადდება ჯგუფის რიგით მეოთხე ალბომი, რომელშიც ანიტა რაჭველიშვილისთვის დაწერილი კომპოზიციაც შევა. ეს კომპოზიცია ბათუმის პიაცაზე 23 აგვისტოს პირველად აჟღერდება. აღიარებული მეცო-სოპრანო მაესტრო ნიკოლოზ რაჭველთან, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და იტალიელ მუსიკოსებთან ერთად სრულიად განსხვავებულ ამპლუაში წარსდგება მაყურებლის წინაშე.
ბილეთები იყიდება: www.tkt.ge ასევე Black Sea Arena-სა და ბათუმის კორტების სალაროში 11-დან 19:00 საათამდე ყოველდღე.