weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნინო ანანიაშვილი რუსეთში ნოვოსიბირსკის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს

22:14 ოთხშაბათი, 06 იანვარი 2021

ქართველი პრიმა-ბალერინა, საქართველოს სახელმწიფო ბალეტის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს. ამის შესახებ მან „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ ჯერ ამ პოზიციაზე ოფიციალურად არ ვარ დასახელებული. მალე დამასახელებენ. ეს არის თანამდებობა, რომელიც მავალდებულებს შევქმნა განვითარების გეგმა, შევადგინო რეპერტუარი და ა.შ. ეს არის აბსოლუტურად შემოქმედებითი სამუშაო“, – ამბობს პრიმა-ბალერინა.

ნინო ანანიაშვილმა მიღებული გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად პანდემიით გამოწვეული სირთულეები დაასახელა. მისი თქმით, მარტში ერთი წელი გახდება, რაც საბალეტო დასი დახურულია და უცნობია, როდის გაიხსნებიან.

„შვიდი გასტროლი გაგვიუქმდა. ყველა დადგმამ შემდეგ წელში გადაიწია, მაგრამ რა იქნება, ეგეც გაურკვეველია. არც ის ვიცით, როგორი ფინანსური პრობლემები გველის წინ, მაგრამ ნამდვილად რომ გვექნება, ეს ცხადია. ამიტომ გამოსავალი ვიპოვე ასეთ თანამშრომლობაში. ნოვოსიბირსკის თეატრიც ეძებდა ისეთ თეატრს, რომელთანაც შეძლებდნენ თანამშრომლობას მსახიობების, პედაგოგების, ქორეოგრაფების მხრივ“, – განაცხადა ანანიაშვილმა.

ის ახალი თანამდებობის დაკავების პარალელურად ქართული საბალეტო დასის ხელმძღვანელადაც დარჩება. ნინო ანანიაშვილი ფიქრობს, რომ მიღებული გადაწყვეტილებით, უფრო მეტ სარგებლობას მოუტანს ქართულ საბალეტო დასს.

„სხვანაირად მე ამ შემოთავაზებას არ დავთანხმდებოდი.

მე არ ვტოვებ დასს, აქ ვრჩები და ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებლობა უფრო მეტ საშუალებას მომცემს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო მეტი ყურადღება მოვიზიდო ჩემს მიმართ და საქართველოს დასის მიმართ.

გეტყვით კიდევ ერთ მიზეზს, რატომაც დავთანხმდი - ამ თეატრში სპექტაკლებს დგამს ძალიან ცნობილი ქორეოგრაფი ნაჩო დუატო. დღემდე ვერაფრით მოვახერხე მისი საქართველოში წამოყვანა. რატომღაც არ მოდიოდა საქართველოში. ან დასს არ იცნობდა, ან სხვა მიზეზი იყო. ახლა - მე მექნება შესაძლებლობა ნაჩო დუატოს სპექტაკლი დავდგათ საქართველოში“, – აღნიშნა ანანიაშვილმა.

პრიმა-ბალერინას თქმით, ელის, რომ მის გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვება.

„მე მაინც პოლიტიკური სიტუაციის მიღმა განვიხილავ ამ ყველაფერს. ვიცი, რომ გამაკრიტიკებენ, მაგრამ მე ვცეკვავდი რუსეთში, რუსეთის ბალერინა ვიყავი და ამის გამო, ჩემი სიყვარული საქართველოს მიმართ არასოდეს მომიკლია. ახლა ალბათ ყველას ყველაფერი დაავიწყდება და არც გაიხსენებენ ამას. არც ჩემს გამოსვლებს იგივე ამერიკული მედიით, სადაც მე მუდამ საქართველოს დაცვის პოზიციიდან ვლაპარაკობდი. კიდევ ვიმეორებ, მე არ მივდივარ მხოლოდ იქ. მე ისევ ვრჩები საქართველოს სახელმწიფო ბალეტის ხელმძღვანელად და ვიქნები ნოვოსიბირსკის ბალეტის ხელმძღვანელიც. ასე ჩაიწერება ჩემს CV-შიც. მე მოველი, რომ შემოტევა იქნება პირადად ჩემი მისამართით, მაგრამ მზად ვარ.

მე ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს ხელოვნება ასეთი გაპოლიტიზირებული. გერმანიასთანაც გვქონდა ომი და ათასობით ჩვენი მოქალაქე დაიღუპა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ დღეს არ ვემეგობროთ მათ“, – ამბობს ანანიაშვილი.

მისივე თქმით, მეუღლე გრიგოლ ვაშაძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა „ერთიანი  ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, მის ამ გადაწვეტილებას „გაგებით მოეკიდა, თუმცა, ძალიან განიცდის“.

2004 წლის სექტემბრიდან ნინო ანანიაშვილი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]