weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქართველი მწერლები ონისა და ნამახვანის ჰესებზე მთავრობას მიმართავენ

14:23 პარასკევი, 26 თებერვალი 2021
ფოტო © Shota Kincha/OC Media ფოტო © Shota Kincha/OC Media

ქართველი მწერლები, საქართველოს პენცენტრის წევრები მდინარე რიონზე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით მთავრობას ღია წერილით მიმართავენ. ისინი სოლიდარობას უცხადებენ რიონის ხეობის მცხოვრებლებს, რომლებიც მეოთხე თვეა ღამეებს კარვებში ათევენ, პროტესტს გამოხატავენ, მშვიდობიანი მეთოდებით ცდილობენ ხეობის დატბორვას წინ აღუდგნენ.

მწერლების ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„არასწორ ადგილზე აშენებული ჰესები დიდი საფრთხის შემცველია ჩვენი ბუნებისთვის, ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე, სოციალური გარემოსთვის.

XXI საუკუნეში ცივილიზებული სამყარო უარს ამბობს დამაზიანებელ ჰესებზე, ევროპაში ახლა ძველი კაშხლების მოშლაზე და მდინარეების ბუნებრივი დინების შენარჩუნებასა და აღდგენაზე მეტად ფიქრობენ, ვიდრე ჰესების მშენებლობაზე: ცივილიზებული სამყარო ალტერნატიულ, მზისა და ქარის ენერგეტიკაზე გადადის. ეს სასიკეთო, ჯანსაღი მიდგომა - ანუ გარემოსთვის მავნე ჰესებზე უარის თქმა - ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო დონეზე უკვე იყო დეკლარირებული.

„ქართული ოცნება“ სწორედ ამ დაპირებით მოვიდა, თავის საარჩევნო პროგრამაშა ჩაწერა „სეისმურობის მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით დიდი ჰესებისა და ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის აკრძალვა“.

ჩვენდა სამწუხაროდ და საუბედუროდ, ხელისუფლებამ დაივიწყა თავისი დაპირება და მთელს ქვეყანაში ჰესების - მათ შორის დიდი ჰესების - მშენებლობის პროგრამა გამოაცხადა, თავისი წინამორბედის, „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად.

რიონის ხეობაში დაწყებულია ე.წ. ონისა და ნამახვანის ჰესების კასკადების მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები. მეოთხე თვეა ადგილობრივი მაცხოვრებლები - „ხეობის გუშაგები“ - ღამეებს კარვებში ათევენ, პროტესტს გამოხატავენ, მშვიდობიანი მეთოდებით ცდილობენ ხეობის დატბორვას წინ აღუდგნენ. პოლიცია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ავიწროებენ მათ, საკუთარი მიწა-წყლიდან სურთ განდევნონ. ზეწოლის შედეგად მოსახლეობის ნაწილმა გაყიდა ადგილ-მამული და სახლ-კარი, ნაწილი კი ამაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ მზადაა შეეწიროს მშობლიური მიწის დაცვას.

ქართველ მწერლებს, ბუნებრივია, გვაღელვებს და გვაწუხებს ამ ადამიანთა ბედი, გვსურს მათი დაცვა - ისევე, როგორც ნებისმიერ ქართველს, რომელსაც უყვარს თავისი ხალხი და თავისი ქვეყანა, რომელსაც გული უძგერს...

ქართველი მწერლები „ხეობის გუშაგებს“ ვუცხადებთ თანადგომასა და სოლიდარობას, ღია წერილით მივმართავთ საქართველოს მთავრობას – მოვითხოვთ გაუქმდეს ნამახვანისა და ონის ჰესების კასკადებზე გაცემული სამშენებლო ნებართვები და მათზე დაფუძნებული ყველა სხვა დოკუმენტი, შეჩერდეს მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები და რეალურად, გამჭვირვალედ გაიმართოს საკითხის საერთო-სახალხო განხილვა ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, საზოგადოების ჩართულობითა და უცხოელი, დამოუკიდებული ექსპერტების დაკვირვებით, გათვალისწინებულ იქნას „ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის პოზიცია საქართველოში ჰიდროენერგეტიკისა და დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების თაობაზე“.

წერილს ხელს აწერენ:

ნუგზარ ზაზანაშვილი

ირაკლი ლომოური

პაატა შამუგია

მერაბ ფიფია

ლაშა ბუღაძე

შოთა იათაშვილი

გიორგი ლობჟანიძე

დარეჯან კიკოლიაშვილი

ივა ფეზუაშვილი

ნესტან კვინიკაძე

ნათია გიორგაძე

ლუკა ბაქანიძე

ნიკა ლაშხია

ბექა ქურხული

ლაშა ბაქრაძე

ბელა ჩეკურიშვილი

ნინია სადღობელაშვილი

ირინე ჭოღოშვილი

ნუკა ღამბაშიძე

თამთა მელაშვილი

ანა კოპალიანი

ნინო ბექიშვილი

ლევან ბრეგაძე

მანანა მათიაშვილი

ვასილ გულეური

ლელა ცუცქირიძე

გაგა ნახუცრიშვილი

ბესო სოლომანაშვილი

ალეკო შუღლაძე

მაკო ჯანჯიბუხაშვილი

ირაკლი კაკაბაძე

ოთარ ჯირკვალიშვილი

დიანა ანფიმიადი

გიორგი შონია

ხათუნა თავდგირიძე

ლადო კილასონია

მედეა იმერლიშვილი

შორენა შამანაძე

ზაალ ანდრონიკაშვილი

ირმა შიოლაშვილი

ტორესა მოსი

ხვიჩა ყალაბეგაშვილი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]