weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თეა წულუკიანის მოადგილეებად კახა სიხარულიძე, სოსო გიორგაძე და იოსებ ბაღათურია დაინიშნენ

13:06 ოთხშაბათი, 24 მარტი 2021

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის მოადგილეებად კახა სიხარულიძე, სოსო გიორგაძე და იოსებ ბაღათურია დაინიშნენ. ისინი მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თავად წარადგინა.

წულუკიანის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე იქნება. როგორც მინისტრმა თქვა, მოადგილეებს შორის მას აქვს საჯარო სამსახურში მუშაობისა და პოლიტიკურ თანამდებობებზე ყოფნის ყველაზე დიდი გამოცდილება.

„ბატონი კახა სიხარულიძე გახლავთ კარიერული დიპლომატი. ის დიპლომატიურ სამსახურშია და ემსახურება საქართველოს 1993 წლიდან და საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა დროს იკავებდა მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილის, სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელის თანამდებობას და ის იყო ასევე გარკვეული დროის განმავლობაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი. კახა სიხარულიძე გახლდათ ასევე ჩვენი ქვეყნის ელჩი ჩეხეთში, ჩინეთში, იტალიაში, სან-მარინოსა და მალტაზე. ის გახლავთ ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, იტალიის დიპლომატთა ასოციაციის საპატიო წევრი და ავტორი წიგნისა „ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტიკა“.

ბატონი კახა ჩემთან ერთად იმუშავებს საერთაშორისო საკითხებზე, რომლებიც მრავლად არის ამ სამინისტროში და მთლიანად სფეროს და არა მხოლოდ ჩვენი სამინისტროს სსიპ-ებსა და ორგანიზაციებს, არამედ თითოეულ შემოქმედს ჩვენს ქვეყანაში დაეხმარება, რომ ქართული კულტურა უფრო მეტად გახდეს ხელმისაწვდომი საერთაშორისო ასპარეზზე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

სამინისტროში ახალგაზრდობის და სპორტის საკითხებს გაუძღვება იურისტი სოსო გიორგაძე, რომელიც ამ დრომდე იუსტიციის მინისტრის მოადგილეა.

„ალბათ ჩემთან ერთად წარდგენა ნაკლებად სჭირდება, ვინაიდან ის, როგორც პროფესიონალი იურისტი, წლების მანძილზე, როდესაც ჩვენ ფეხს ვიდგამდით პოლიტიკაში, იყო ჩემი გუნდის წევრი, მათ შორის, 2012 წლის ზაფხულში. სხვადასხვა დროს იკავებდა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობას: იყო იუსტიციის სახლის გენერალური დირექტორი, გახლდათ სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე და ბოლო დროს გახლდათ და პირველ აპრილამდე კვლავ იქნება იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ხოლო პირველი აპრილიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე გამოსცა გადაწყვეტილება, ის ჩვენთან ერთად უკვე ამ სამინისტროში შეუდგება მინისტრის მოადგილის მოვალეობის შესრულებას.

უმნიშვნელოვანესია, რომ ის, როგორც ჩვენს შორის ყველაზე ახალგაზრდა, უხელმძღვანელებს სწორედ ახალგაზრდობის საკითხებს და სპორტის საკითხების კურატორიც იქნება“, – განაცხადა წულუკიანმა.

რაც შეეხება მესამე მოადგილეს, იოსებ ბაღათურიას, ის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საპარლამენტო მდივანი იქნება.

„მაღალკვალიფიციური, გამოცდილია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იურისპრუდენციაში. პრაქტიკოსი იურისტი. ის არის იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო მრჩეველი. ის ასევე გახლავთ სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი. ის მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში და წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. მას აქვს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, სასამართლო სისტემაში პრაქტიკული, ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება.

ის იქნება ჩვენი სამინისტროს საპარლამენტო მდივანი და სათავეში ჩაუდგება საქართველოს კულტურის კოდექსის შექმნის პროცესს.

მე მინდა, ჩემს მოადგილეებს ვუთხრა მადლობა, რომ დათანხმდნენ ამ რთული სფეროს, რთული სამინისტროს ხელმძღვანელობაში ჩემს დახმარებას და ჩვენი ხელისუფლების სამომავლო გეგმების განხორციელებაში მონაწილეობას. მე მინდა, მათ ვუსურვო წარმატებები“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი 2021 წლის 19 მარტს მოაწერა. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მანამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოეყო.

თეა წულუკიანი 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2020 წლის 29 სექტემბრამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრი იყო. 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ის „ქართული ოცნების“ სიით პარლამენტის წევრი გახდა და კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს თავმჯდომარეობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]