weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

მასა, რაც ვიდეოში ჩანს, ხარაჩოზე არაუფლებამოსილი პირის ასვლის შედეგია – სააგენტო გელათზე

00:42 ხუთშაბათი, 20 მაისი 2021

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში კედლის მხატვრობის დაზიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ადგილზე ვითარებას სააგენტოს და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები გაეცნენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელმა, თორნიკე ბარათაშვილმა 19 მაისს სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც, მისი თქმით, ტაძრის უნიკალური მხატვრობის განადგურებას ასახავს.

„ის დაზიანებები, რომლებიც ჩვენ შევამჩნიეთ, აღმოსავლეთის მკლავის დაზიანებებია –ჩამოყრილი უშუალოდ იატაკზე ორიგინალური ფრესკის დეტალები. ეს მე-16 საუკუნის მხატვრობაა, თუმცა გელათში, მთლიანად ინტერიერში, საფრთხეშია ნებისმიერი მხატვრობა. პრობლემას აქ ის ართულებს, რომ დროებითი გადახურვა, რომელიც ბოლო პერიოდში გაკეთდა, კონტრპროდუქტიულ შედეგს იძლევა, ჩენი ვარაუდით, რამდენადაც ტენიანობა გაზრდილია“, – განაცხადა თორნიკე ბარათაშვილმა ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.

მოგვიანებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ განცხადება გაავრცელა.

„ვეხმიანებით რამდენიმე მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში კედლის მხატვრობის დიდი ნაწილი ჩამოვარდა, რაც ტაძარში წყლის ინფილტრაციასა და ტენიანობის მაღალ დონეს უკავშირდება, ხოლო ხელისუფლების მხრიდან მომხდარზე არანაირი რეაგირება არ ხდება.

სინამდვილეში კი, დღეს, ადგილზე იმყოფებოდა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელთა ჯგუფი. ვითარების ადგილზე გაცნობის შედეგად გაირკვა, რომ ის მასა, რაც სოციალურ ქსელში ორგანიზაციის „ევროპა ჩვენი სახლია“ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს (და რასაც ამ ინფორმაციის გავრცელებისას მედიასაშუალებები იყენებენ), უნდა იყოს ტაძარში ფრესკების მონიტორინგის მიზნით განთავსებულ ხარაჩოზე გუშინ, 18 მაისს, ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლის, თორნიკე ბარათაშვილის ასვლის და გადაადგილების შედეგი, რასაც დამატებითი შესწავლა სჭირდება“, – აცხადებს სააგენტო.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ირწმუნება, რომ ტაძრის ინტერიერში რამდენიმე თვეა წყლის ინფილტრაციის ფაქტი აღარ დაფიქსირებულა.

„არაუფლებამოსილი პირის ხარაჩოზე თვითნებურად გადაადგილების გუშინდელი სამწუხარო ფაქტის გამო, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გარეშე პირთათვის დაიკეტოს ტაძარში განლაგებულ ხარაჩოებზე ასასვლელი, რისთვისაც შესაბამისი სამუშაოები ჩატარდება.

ამ გზით დაცულ უნდა იქნეს ძეგლი დამატებითი ზიანისაგან მანამ, სანამ კულტურის სამინისტრო გელათის სამონასტრო კომპლექსში შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის გზებზე მუშაობს“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ივნისში გელათის ტაძარზე ხარვეზებით ჩატარებული გადახურვის სამუშაოების მიზეზით შექმნილი მძიმე მდგომარეობის შესწავლისა და პრობლემების აღმოფხვრაში სამინისტროსთვის კონსულტაციების გაწევის მიზნით საქართველოს იუნესკოს ექსპერტები ეწვევიან. სწორედ იუნესკოს ექსპერტების მიერ ადგილზე ვითარების შესწავლისა და მათ მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე მოხდება ტაძარში არსებული მდგომარეობის გამოსწორების სამოქმედო გეგმის შედგენა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]