weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ბედნიერი რიონის ხეობის მცველები – ბესიკ ხარანაულის ლექსი

17:55 ხუთშაბათი, 27 მაისი 2021

პოეტმა ბესიკ ხარანაულმა რიონის ხეობის მცხოვრებლებს, რომლებიც ნამახვანჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, ლექსი „ბედნიერი რიონის ხეობის მცველები“ მიუძღვნა. პოეტი თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

გთავაზობთ ლექსს, რომელიც ბესიკ ხარანაულის ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა:

ბედნიერი რიონის ხეობის მცველები

ჩამოვიდნენ რიონის ხეობის მცველები და წავიდნენ.

დაცარიელდა ქალაქი.

ნაგავს სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა, მიაშურა კვლავ თავის სივრცეს,

დაიკავა თავისი ადგილი _

შეაკრთო სუფთა ჰაერმა, ხეობის სიომ ნესტოები დასწვა,
მაგრამ გადაიარა და დაგვრჩა ქალაქი კვლავაც ეშმა-ქაჯებს,
შეუხედავ, უშნო, უგულო ქალ-კაცებს.

არის დიდი დაღრეცილობა.

ვიცი, მოგვენატრებიან.

დარცხვენილი ვერ ვივლით.

აქ კი, ვჭამოთ, რასაც მივჩვეულვართ,

ვჭამოთ და არ გვეყოს,

წავიდეთ და ნესტოებმა უკან მოგვაბრუნოს.

კაცს სუფთა ჰაერი უფრო ენატრება, ვიდრე ქარი და ქარიშხალი,

სუფთა ჰაერს რომ ჩაისუნთქავ, არ გავიწყდება, თან გაეკიდები.

დარცხვენილი ვერ ვივლით!

სიმართლისგან მოჭრილი ხელი კაცს არ ეტკინება.

წავიდნენ რიონის ხეობის მცველები და დაცარიელდა ქალაქი.

მაგრამ ხომ დავრჩით!

ერთი კაცის პირით არ ვამბობ ამას, არამედ მრავალი ათასის.

ისტორია ყოველ წამს ახალია, ფეხს ვერ დაუდებ.

შენ კი, ურჩხულო!

უსახლკაროვ, უმიწაწყალოვ,

გამოდი, უნდა მე და შენ შევებათ,

სახელი არა გაქვს,

სახელს გაიკეთებ!

გამოეტიე მაგ კლდის ეხიდან,

განწირული მოგმართავს სიტყვას,

განწირული არ მოიქრთამება!

მე შეგებმები, ჩემი ხალხი იავარქმნილია,

ბებერი ვარ და სიცოცხლე ჩალად არ მიღირს,

გამოდი, ციცავ,

სახელს გაიკეთებ!

ჩემი ვეფხვი გვერდზე მიწოლილა,

წამოიწევს,წამოიმართება,

შენ კი გაქრი უკანა თათებზე…

წავიდნენ რიონის ხეობის მცველები

და ქალაქი დაცარიელდა.

იცი, მომენატრებიან,

დარცხვენილი ვერ ვივლი!

ჩემი ტანმოხატული ვეფხვები,

ბედნიერი რიონის ხეობის მცველები.

 

რიონის ხეობის მცხოვრებლები და მათი მხარდამჭერები შვიდი თვეა უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ ნამახვანჰესის მშენებლობას. 23 მაისიდან ისინი თბილისში მართავდნენ საპროტესტო აქციებსა და მსვლელობებს, 26 მაისის აქციის შემდეგ კი სოფელ გუმათში დაბრუნდნენ და რიონის ხეობისკენ მიმავალი გზა გადაუკეტეს ჰესის მშენებელი კომპანია „ენკა რინიუებლზის“ ავტომანქანებს.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, რიონის ხეობაში შესასვლელი ორივე გზა გადაკეტილი ექნებათ მანამ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მათი მოთხოვნებია „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება და გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზეა გაცემული. ასევე, ისინი ითხოვენ ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადებას, ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას გადადგომას და ყველა იმ პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ჰესის პროექტის დოკუმენტაციის მომზადებაში და ხელი მოაწერა კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]