weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ალექსანდრე კობერიძემ ბერლინალეზე მოპოვებული ჯილდო რიონის ხეობის მცველებს მიუძღვნა

10:18 ხუთშაბათი, 17 ივნისი 2021

ბერლინის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ზაფხულის გამოშვების (Summer Special) ფარგლებში რეჟისორ ალექსანდრე კობერიძის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ? მაყურებლების თანდასწრებით ჩვენება გაიმართა. ფილმის პრემიერა ონლაინ მარტში შედგა და მან კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის (ფიპრესი) ჯილდო მოიპოვა.

გუშინდელი ჩვენება ალექსანდრე კობერიძემ რიონის ხეობის მცველებისთვის სოლიდარობის გამოცხადებით გახსნა.

უპირობო თანადგომის და განუზომელი მადლიერების ნიშნად, მინდა ეს ჯილდო რიონის ხეობის მცველებს მივუძღვნა, რომლებიც უკვე 233 დღე და ღამეა რიონის ხეობას და სიმართლეს იცავენ, – თქვა რეჟისორმა.

ფილმის გადაღება 2019 წელს, ქუთაისში მიმდინარეობდა, მისი მონტაჟი კი 2021 წელს დასრულდა. მთავარ როლებში გიორგი ბოჭორიშვილი, ოლიკო ბარბაქაძე, ანი ქარსელაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე არიან.

ფილმში მოქმედება ქუთაისის ქუჩებში ვითარდება. ფარმაცევტ ლიზას და ფეხბურთელ გიორგის ერთი ნახვით უყვარდებათ ერთმანეთი და პაემანზეც შეთანხმდებიან, მაგრამ ვერ მოასწრებენ, რადგან ბოროტი თვალის წყევლის გამო, მეორე დილით სხვა ადამიანებად გაიღვიძებენ. ლიზას მთელი თავისი სამედიცინო ცოდნა დაავიწყდა, რის გამოც კაფეში იწყებს მუშაობას, სწორედ იქ, სადაც მას და გიორგის შეხვედრა ჰქონდათ დათქმული. გიორგიც ვეღარ თამაშობს ფეხბურთს, მასაც იგივე კაფეს მფლობელი დაასაქმებს.

„მე მაინტერესებს მაგია, რომელიც დღევანდელ სამყაროში რთულად ან საერთოდ არ მოიძებნება და თუ დღეს ადამიანი ამ სამყაროს მაინც გადაეყარა, რა შეიძლება მის წინააღმდეგ მოიმოქმედოს, იმიტომ, რომ ამ ფილმში აღმოჩნება, რომ არანაირი საშუალება არ გაქვს, რადგან ვერც ტელეფონით, ვერც ინტერნეტით და ვერანაირი თანამედროვე ხერხით ჯადოს ვერაფერს მოუხერხებ“, – ამბობს რეჟისორი. 

პანდემიის გამო, ბერლინის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ჩვეული ფორმატით არ გამართულა. 1-5 მარტს მოეწყო ევროპული კინოს ვირტუალური ბაზრობა Industry Event, ონლაინ შედგა შერჩეული ფილმების პრემიერები, ხოლო 9-20 ივნისს ზაფხულის გამოშვების (Summer Special) ფარგლებში ბერლინალეს პროგრამის აუდიტორიისთვის ჩვენება მიმდინარეობს.

მას შემდეგ, რაც 1993 წელს თემურ ბაბლუანის ფილმს „უძნართა მზე“ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ვერცხლის დათვი“ გადაეცა, ფესტივალის მთავარ კონკურსში ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი არ შერჩეულა. „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ თითქმის 30 წლიანი პაუზის შემდეგ პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელიც ბერლინალეს მთავარ სელექციაში აჩვენეს. ფილმი საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]