ამბრო ასპანიძის დარბაზოვანი, ნუგზარ და დურმიშხან ასპანიძეების და მერი გურგენიძის თაკარებიანი ოდები, ირადი დიასამიძის კარ-მიდამო, გელა ლონდარიძის ბოსელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებად 2012 წლის 20 მარტიდანაა აღიარებული. მათ შორის ერთ-ერთი დიდი და გამორჩეული ამბრო ასპანიძის დარბაზოვანია.
დარბაზული ტიპის სახლში ყველა საცხოვრებელი და სამეურნეო სათავსო - დარბაზი, ოდა, ბოსელი, საბძელი, ფურნე, ბეღელი, მარანი და სხვა ერთ ჭერქვეშ ყოფილა განლაგებული. დარბაზული სახლის მთავარი თავისებურება გვირგვინოვანი გადახურვაა. გვირგვინი ხის მრავალსაფეხურიანი გუმბათია, რომელშიც ლურსმანი გამოყენებული არ არის. ადგილობრივები მას „მერცხლისბუდურას“ უწოდებენ. მესხური სახლები ბოძებზეა აგებული, ჭერის პირამიდის მაგვარ კონსტრუქციას კრავს და სახურავზე ერდოთი მთავრდება. ერდოდან გადიოდა შუა ცეცხლის კვამლიც და დარბაზში შუქიც იქიდან შემოდიოდა. კონსტრუქციული თავისებურების გამო ერდოიან-გვირგვინოვანი ნაგებობა მიწისძვრასაც კარგად უძლებდა.
კომპლექსის სახურავი ხით არის გადახურული და ზემოდან 40-50 სანტიმეტრის მიწითაა დაფარული. ნაგებობის ნახევარი მიწაშია, ნახევარი მიწის ზემოთ. გარედან დაყრილი მიწა სახლს ზაფხულში მაღალი ტემპერატურისაგან იცავდა, ზამთარში - სიცივისგან. მიწაში ნახევრადჩაფლულ დარბაზოვნებს მტრის შემოსევის დროს თავდაცვითი ფუნქციაც ჰქონდა. მესხები ერდოს ფარავდნენ, ხის რკინასავით გამძლე კარს კი ურდულით კეტავდნენ.
საროში რამდენიმე ათეული მესხური სახლია. უმეტესობა დანგრეულია ან ინგრევა. ადგილობრივებს დარბაზოვნების გვერდით, ეზოებში ახალი სახლები აქვთ აშენებული და იქ ცხოვრობენ. ვისაც მესხური სახლები შემორჩა, ბევრი მათგანი კულტურულ მემკვიდრეობას საქონლის სადგომად იყენებს.
სამი ოჯახიღაა, ვინც უძველეს მესხურ სახლებს ჯიუტად არ ტოვებს. დურმიშხან ასპანიძე 82 წლის არის. აქ დაიბადა და გაიზარდა. შვილებმა ახალი სახლიც ააშენეს, მაგრამ მოხუცი ცოლ-ქმარი ორსაუკუნოვანი დარბაზიდან გადასვლას არ აპირებს. ყველაფერი პირვანდელი სახით აქვთ შენარჩუნებული.
89 წლის პეტო პაპაც ბოლომდე იბრძოდა მესხური ოდის გადასარჩენად, ვიდრე 2 წლის წინ, ჭერიდან არ გადმოვარდა და მხარი არ მოიტეხა. დარბაზში დამთვალიერებლებს აღარ იღებს, ჭერის ნაწილი ჩამონგრეულია, ხის ბოძები აქვს შეყენებული და ასე ცდილობს ნგრევის შეჩერებას. ჩვენთვის გამონაკლისი დაუშვა. დიდ დარბაზში ქვისგან ნაშენები ფართო და გრძელი დერეფნით შევდივართ. „მე იქით აღარ მივდივარ, ჭერიდან მიწა შეიძლება ჩამოვარდეს. აქეთ გამობრძანდით, ეს კუთხე უფრო მაგარია, რამე ზიანი არ მოგივიდეს. ასპინძის მერი იყო მოსული. ვუთხარი, ტურისტები რომ მოდიან დასათვალიერებლად, მეშინია, ზიანი არ მიადგეთ, მოგვეხმარეთ, რომ აღვადგინოთ მეთქი. ჩვენ გადმოგვეცი და აღვადგენთო. ეს მამაპაპურია, ოთხი თაობისაა ძველი მიწური დარბაზი. ბოძები დავაბჯინე, რომ ჭერი სულ რომ არ ჩამოვარდეს. აქეთ იარეთ გენაცვალე. ეს ძველი ხელსაფქვავია, სიმინდს ამით ვფქვავდით, რომ საჭმელი გვქონოდა. ეს ჩემი მაკასინებია, ბავშვობაში ხარის ტყავისგან მე თვითონ შევკერე და მაგას ვიცვამდი მინდორში მეხრედ რომ გავდიოდი“, - მოხუცი დასანგრევად განწირულ დარბაზში თაროებზე ჩამწკრივებულ ძველ ნივთებს გვათვალიერებინებს. ყველა ექსპონატს საკუთარი ნომერი აქვს მიმაგრებული.
10 წელზე მეტია რაც მისი დარბაზი ინგრევა, დამხმარე სამეურნეო სათავსოებში სახურავი მთლიანად ჩავარდნილია. „ვინც ნახულობს, ყველა ამბობს, დაგეხმარებითო, მაგრამ მერე აღარავინ მოდის აღსადგენად. გული მტკივა, წინაპრების დანატოვარს რომ ვერ ვუვლით. გუმბათი ისეა დადგმული, დაზიანებული თუ არ იქნება, კედლები სულ რომ მოაშორო, მაინც არ ჩამოიქცევა. ეს საბჯენები სადამდე დაიცავს? კაცი გავნახევრდი ამის მოვლა-პატრონობაში. მწყინს, ამდენი ნაწვალები წყალში რომ იყრება“.
საროში მესხური სახლები ახლოსაა ციხესთან, რომელსაც არქეოლოგები ძვ. წ. აღ-ის II ათასწლეულით ათარიღებენ. ციხის გალავნის კედლები ბაზალტის თლილი უზარმაზარი ლოდების მშრალი წყობით, კლდის მასივზე საძირკვლის გარეშეა აგებული. ეს მკვლევარებს აფიქრებინებს, რომ კედლები მაღალი სიმაღლის არ უნდა ყოფილიყო. დღეისათვის მისი სიმაღლე 3 მეტრამდეა შემორჩენილი, გალავნის კედლების სისქე კი 2,4 მეტრია.
ფრიალო ქარაფის კიდიდან, სოფელი ნიჯგორი, ბუნებრივი და კლდეში ხელით ნაკვეთი მღვიმე-თავშესაფრები ჩანს. ქვაბიკარი დიდი ბუნებრივი ქვაბულია. სამი მხრიდან მიუვალი კლდეებითაა შემოსაზღვრული და მხოლოდ სამხრეთიდანაა ღია. ქვაბიკარიდან გამოდის წყალი, რომელიც ნიჯგორის მარნებზე გადის.
მარნები - ასე უწოდებენ XVIII – XIX საუკუნეების ბანიანი სახლებისა და სათავსოების კომპლექსს, რომელსაც საროსთან ბუნებრივად გაყვანილი საფეხმავლო ბილიკი აკავშირებს. ეს საროელების საზაფხულო სამყოფელია. აქ მოიწევდნენ თუთას, სხვა ხილს, რომლითაც ბაქმაზსა და არაყს ამზადებდნენ.
ნანა მეფარიშვილი, ქართული ტრადიციული საცხოვრისის მკვლევარი საროს დარბაზებს 2008 წლიდან აკვირდება. 2015 წელს სახელმწიფოს დაკვეთით ძეგლის რესტავრაციის პროექტი მოამზადა.
„ამ 13 წლის განმავლობაში სხვაობა ძალიან დიდი იყო. წვიმის და თოვლის დროს, სახურავზე დაყრილი მიწიდან წყალი ჟონავს, ხის მასალა ლპება. ჭერიდან იწყება მთელი დარბაზის დაზიანება. 2015 წელს გადაწყდა ის მიდგომები, რითაც უნდა გადავარჩინოთ ეს დარბაზი - რესტავრაცია, ადაპტაცია, ახალი ფუნქციის შემოტანა და ძველის შენარჩუნება. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდს გადავეცით.
როცა ამ რეგიონში ვარ, ყოველწლიურად, ისე ვერ გავუვლი საროს გვერდს, რომ დარბაზებს არ დავხედო. როგორც ფოტოდოკუმენტურად, თვალსაც ვერ ვაპარებ იმ სამწუხარო რეალობას, რომ ძეგლი ყოველ წელს ზიანდება და ძალიან ცუდ მდგომარეობაშია“.
ასპანიძეების კომპლექსში ყველაზე კრიტიკულ ვითარებაში თაკარებიანი ოდა და ე.წ. ახორია, ბოსელის ნაწილი, რომელიც თაკარებიან ოდას აქვს მიდგმული. კვანტური გადახურვა აღარ არსებობს.
2015 წელს, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ განაცხადა, რომ მთავრობის მხარდაჭერით სამცხე-ჯავახეთში ტურისტული პოტენციალის ამოქმედების პროგრამა იწყებოდა. ამ მიმართულებით მსოფლიო ბანკის დაფინანსებით 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია იყო გათვალისწინებული. დასაფინანსებელ 14 პროექტს შორის გუბერნატორმა სარო-ხიზაბავრის დარბაზებიც დაასახელა.
2016 წელს, საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, საროსთან ერთად, კიდევ ერთი ისტორიული სოფლის, ჭაჭკარის რეაბილიტაციის პირობა დადო პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მთავრობის მეთაური ჭაჭკარში პროექტის პრეზენტაციასაც დაესწრო. „ბევრი პროექტი ყალიბდება დღეს - რაჭის განვითარების პროექტი, რომელიც შაორის მიმდებარე ტერიტორიის განვითარებას ეხება. გვინდა მთა-თუშეთის აღორძინების ძალიან მასშტაბური პროექტის დაწყება, რომელიც უმნიშვნელოვანესია, როგორც სტრატეგიული, ისე კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების და შენახვის თვალსაზრისით.
ეს არ არის მხოლოდ სურვილები, ეს არის კონკრეტული გეგმები, რომლებსაც ჩვენ მიზანმიმართულად, მიზანდასახულად განვახორციელებთ. ეს იქნება უნიკალური სოფელი, რომელიც აღდგება და მძივივით აიკინძება ვარძიის კომპლექსის გარშემო,
როგორც ხიზაბავრის ვენახები, არაერთი ციხესიმაგრე, ჭაჭკარი, სარო და ა.შ. თითოეული ეს მძივი იქნება მარგალიტივით ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის იმ ძალიან მდიდარ ჯაჭვში, რომელიც გაგვაჩნია და ჩვენი ვალია, შევინახოთ, მოვუაროთ და მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ ჩვენი უნიკალური კულტურის შესახებ“.
ჭაჭკარიდან ხდებოდა ვარძიის სამეურნეო მარაგის შევსება - კლდეში ნაკვეთ საწნახელებში დიდი რაოდენობის ღვინო იწურებოდა. სოფელში შემორჩენილია დაზიანებული ტერასები, 50-მდე კლდეში ნაკვეთი საწნახელი, ოთხსაუკუნოვანი ვაზი. აქვეა კლდეში გამოკვეთილი საცხოვრებელი დარბაზი და წმინდა გიორგის ეკლესია, მიწურ-ბანიანი სახლები. სარეაბილიტაციო სამუშაოები არც ჭაჭკარში დაწყებულა, 2016-18 წლებში მხოლოდ ჭაჭკარის განაშენიანების რეგულირების გეგმა მომზადდა, რომელიც ადგილობრივმა საკრებულომ 2020 წლის მაისში დაამტკიცა.
2017 წელს, თვითმმართველობის არჩევნებამდე რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ საროში დარბაზის ტიპის სახლების რეაბილიტაციისთვის 2 მლნ 300 ათასი ლარი გამოიყო. უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე ახლაც იძებნება ინფორმაცია, რომ პროექტის ფარგლებში საროში მდებარე დარბაზის ტიპის სახლები უნდა აღედგინათ და ტურისტული ინფრასტრუქტურაც მოეწყოთ. სამუშაოების დაწყება 2017 წელს, დასრულება კი 2019-ში იყო დაგეგმილი. პირობა არც ამჯერად შესრულდა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე კიდევ ერთხელ დაგვპირდნენ საროს დარბაზების რეაბილიტაციას. დაპირება ისევ დაპირებად დარჩა, კოვიდპანდემიას დააბრალეს.
2021 წლის მარტში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადა, რომ პროექტი დაკორექტირდა, რადგან დროთა განმავლობაში ძეგლის მდგომარეობა შეიცვალა. ანთიძის თქმით, სარებილიტაციო სამუშაოებს სააგენტო წელს დაიწყებდა და ორ ეტაპად განახორციელებდა. პირველ ეტაპზე ასპანიძეების დარბაზის აღდგენას გვპირდებოდა. აპრილში ნიკოლოზ ანთიძემ თანამდებობა დატოვა.
მუნიციპალური განვითარების ფონდში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ საროს დარბაზების რეაბილიტაციისთვის 2021 წლის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არ არის.
ავტორები: ლაშა ორჯონიკიძე, გიორგი ბოლქვაძე, ბექა ჯაყელი