ჯერ-ჯერობით უცნობია ახალი სერიალების გადაღების, ხანგრძლივობისა და გამოსვლის თარიღები, თუმცა ცნობილია იმ ოთხი სცენარისტის ვინაობა, რომლებიც ახალ ტელეისტორიებზე იმუშავებენ, ესენი არიან: ოსკაროსანი ბრაიან ჰელგელანდი, მაქს ბორენშტაინი, ჯეინ გოლდმენი და კარლი რეი. უკანასკნელი ორი ქალი სცენარისტი დრამატურგიისთვის ინდივიდუალურად იმუშავებენ ამერიკელ მწერალ ჯორჯ მარტინთან, რომლის ნაწარმოებების სერია „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ მიხედვითაც ტელეარხი HBO „სატახტოთა თამაშს“ აწარმოებს.
რაც შეეხება „სატახტოთა თამაშის“ მიმდინარე შოურანერებს, სცენარისტებსა და აღმასრულებელ პროდიუსერებს - დევიდ ბენიოფსა და დენ ვაისს, ისინი სპინ-ოფ სერიალების შექმნაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ, რაც HBO-ს ახალმა ხელმძღვანელმა კეისი ბლოისმა ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე დაადასტურა. ბლოისის ოქტომბერში გაკეთებული განცხადებით, ჯორჯ მარტინის მიერ გამოგონილ სამყარო ვესტეროსს უსაზღვრო პოტენციალი გააჩნია და მწერლის ნაწარმოებების მიხედვით იმდენი შესაძლებლობაა, რომ მთავარი ამოცანა სწორი მიმართულებისა და სცენარისტების არჩევა გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ მწერალმა ჯორჯ მარტინმა უფრო ადრე, გასული წლის გაზაფხულზე განაცხადა, რომ თუკი HBO მოისურვებდა, მას „სატახტოთა თამაშის“ ირგვლივ მილიონობით სხვადასხვა განცალკევებული თუ წინამდებარე ისტორია ჰქონდა დაწერილი, რომლებიც „სატახტოთა თამაშის“ სპინ-ოფების სახით შეიძლებოდა სრულმეტრაჟიან ფილმებად გადაეღოთ.
შეგახსენებთ, რომ „სატახტოთა თამაშის“ ახალი, მე-7 სეზონი, რომელშიც წინა სეზონებისგან განსხვავებით, 10-ის ნაცვლად მხოლოდ 7 სერია იქნება, 7 ივლისიდან გამოვა. სულ კი სერიალი 8 სეზონით დასრულდება, რის შემდეგაც HBO აღნიშნულ სპინ-ოფ სერიების გამოშვებას დაიწყებს.