კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ნიკო ფიროსმანაშვილის 13 მხატვრული ნაწარმოების გვერდით, ფართო საზოგადოებისათვის პირველად, ჯგუფურად არის გამოფენილი 6 ნონკონფორმისტი მხატვრის – ავთო ვარაზის, ოთარ ჩხარტიშვილის, თემო ჯაფარიძის, ამირ კაკაბაძის, ვატია დავითაშვილისა და ავთო მესხის 50-ზე მეტი ფერწერული, გრაფიკული, კოლაჟური, ასამბლაჟის და ობიექტის მედიუმში შესრულებული ნამუშევარი, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის, ეროვნული გალერეისა და კერძო კოლექციებიდან.
„ესენი არიან ის დიდი ქართველი მხატვრები, რომლებიც საბჭოთა რეჟიმს და მაშინდელ წყობას ებრძოდნენ საკუთარი შემოქმედებით, ნახატებით და ეს ნახატები დღესაც აქტუალურია. ესენი არიან ის ადამიანები, ვინც საბჭოთა ხანაში თავისი მხატვრობით ქმნიდნენ დასავლურ კულტურას და თავისუფლებისთვის ჩუმად, ანუ ფუნჯით იბრძოდნენ. ყველას მოგიწოდებთ, არ გამოტოვოთ შანსი, ნახოთ ეს გამოფენა და დიდი იმედი მაქვს, ამ გამოფენას დიდი მომავალი აქვს, მათ შორის ევროპულ ქვეყნებში“, – განაცხადა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გამოფენის გახსნაზე.
სახელოვნებო სფეროში ტერმინის - საბჭოთა ნონკონფორმისტული ხელოვნება დამკვიდრება ამერიკელ ეკონომისტს, ჰარვარდის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორს, ნორთონ დოჯს მიეწერება. ის ცნობილია როგორც საბჭოთა არაოფიციალური ხელოვნების ერთ-ერთი პირველი კოლექციონერი. ნორთონ დოჯი ყიდულობდა 60-იანელ მხატვართა სურათებს და არალეგალურად გაჰქონდა საბჭოთა კავშირიდან. ფაქტობრივად, მან გააცნო დასავლეთს ე.წ. საბჭოთა ანდერგრაუნდის ხელოვნება, რომლის 20 000-მდე ნიმუშია დაცული მის კოლექციაში. მათ შორისაა ქართველ ნონკონფორმისტ ავტორთა ნამუშევრებიც.