weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

დავით აღმაშენებელზე ფილმის გადასაღებად რეჟისორ ლევან კოღუაშვილის პროექტი შეირჩა

13:30 შაბათი, 19 მარტი 2022

დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის შესახებ მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღების მიზნით გამოცხადებული კონკურსის შემდეგ ეტაპზე რეჟისორისა და სცენარისტის, ლევან კოღუაშვილის პროექტი – „დავით აღმაშენებელი“ (სამეფო გზა) გადავიდა.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის განმახორციელებელია შპს „კინო იბერიკა“, რეჟისორი და სცენარის ავტორი ლევან კოღუაშვილი, ხოლო სცენარის თანაავტორი ბორის ფრუმინი არიან. 

ლევან კოღუაშვილი და შემოქმედებითი ჯგუფი სცენარის დახვეწაზე მუშაობას გააგრძელებენ. სამი თვის ვადაში, მათ სამინისტროს უნდა წარუდგინონ სრულყოფილი სცენარის პირველადი ვერსია, რომელსაც კვლავ განიხილავს საკონკურსო კომისია. კომისიის მსჯელობის შემდეგ კონკურსანტს მიეცემა ერთთვიანი ვადა სცენარის დასრულებისთვის. სცენარის საბოლოო ვერსიის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, გამარჯვებულ კონკურსანტთან გაფორმდება ხელშეკრულება ფილმის წარმოებაში ჩაშვების დეტალებისა და ვადების შესახებ.

საქართველოს კულტურის სამინისტრომ დავით აღმაშენებლის შესახებ ფილმის გადასაღებად კონკურსი 2021 წლის 12 აგვისტოს, დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების 900 წლისთავთან დაკავშირებით, გამოაცხადა. სამინისტროში შესული 10 განაცხადიდან კონკურსის მეორე ეტაპზე სამი გადავიდა, რომელთაგან „ქუჩის დღეებისა“ და „მეოთხე ბრაიტონის“ რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის პროექტი შეირჩა.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საკონკურსო კომისიის წევრები, რომელთაც კონკურსის სხვადასხვა ეტაპზე პროექტები შეაფასეს და გადაწყვეტილება მიიღეს, არიან: კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი (კომისიის თავმჯდომარე); მწერალი და დრამატურგი ლაშა (ირაკლი) სამსონაძე; ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე; რეჟისორი ალექსანდრე ქანთარია; მწერალი კონსტანტინე ჯანდიერი; კინორეჟისორი რუსუდან გლურჯიძე; ისტორიკოსი ჯაბა სამუშია.

ფილმის გადაღებას სახელმწიფო დააფინანსებს, თუმცა ამ ეტაპზე, ბიუჯეტი უცნობია. კონკურსის გამოცხადების დროს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ გამარჯვებული კომპანია სცენარსა და ფილმის პროექტზე მუშაობისთვის მიიღებდა ჯამში 20 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ თანხას ლარში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]