სალომე ჯაშის ინფორმაციით, სეანსების გაუქმება კინოაკადემიის პრეზიდენტმა, მინდია ესაძემ გადაწყვიტა. „რეგინფო“ კინოაკადემიასთან დაკავშირებას ცდილობს.
„მიზეზი ისაა, რომ მათთვის მიუღებელია აჩვენონ „ნაწარმოები, რომელიც აზრთა სხვაობას იწვევს და საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით ყოფს“.
მინდია ესაძეს ფილმი არ უნახავს. ... კი, ფილმი იწვევს აზრთა, ასევე, გრძნობათა უფრო მრავალფეროვნებას, ვიდრე სხვადასხვაობას. ქართულ პოლიტიკაზე ფილმში ხსენება არაა და რომც იყოს, მერე რა.
ფილმი ნომინირებული იყო ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე. ხოლო ქართული კინოაკადემია ფილმის საკუთარ დარბაზში გაშვებაზე ამბობს უარს, იმიტომ რომ არ „გაიჭყლიტონ“ - ესეც ციტატაა“, – ამბობს სალომე ჯაში.
„მოთვინიერება“ (ინგლისურად Taming the Garden) 2021 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმია, რომელიც ადამიანსა და ბუნების დაპირისპირებას ეხება. სიუჟეტის მიხედვით, საქართველოს უმდიდრეს და ყველაზე ძლევამოსილ ადამიანს უჩვეული გატაცება აქვს – უზარამაზარ, საუკუნოვან ხეებს აგროვებს. მისი დავალებით ხეებს ზღვისპირეთიდან თხრიან და ხელოვნურად გაშენებულ დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ. გზა ბაღამდე სოფლებზე, მთებზე, ზღვაზე გადის. ულამაზესი ხეების მოგზაურობის მომაჯადოვებელი სურათის ფონზე იკვეთება ადამიანის მიერ ბუნების მოთვინიერების თემა და სხვა უნივერსალური საკითხები.
ფილმის პრემიერა გასულ წელს, სანდენსისა და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალებზე შედგა.