weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

„ცეცხლის ტაძარს“ და „ჭაბუკაურის ბაზილიკას“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა

14:51 პარასკევი, 22 სექტემბერი 2017

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებს - „ცეცხლის ტაძარსა“ და „ჭაბუკაურის სატაძრო კომპლექსს“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.

ნეკრესის ნაქალაქარის უნიკალური „ცეცხლის ტაძარი“ 1984-1993 წლებში, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ გათხრების შედეგადაა გამოვლენილი. ტაძარი დიდი ზომის, შერჩეული ფლეთილი ქვით იყო აგებული, რომელიც ჩვ. წ. IV ს-ში არის დანგრეული. პრაქტიკულად იმავდროულად, ამ ნანგრევი მასალით, ნაწილობრივ ძველი შენობის საძირკველზე აუგიათ მძლავრი საფორტიფიკაციო სისტემებით გამაგრებული სასახლე. ამ მეორე ფაზის ნაგებობიდან ამჟამად ორიოდე კედელია შემორჩენილი.

ძეგლის არქეოლოგიური გათხრისას მოპოვებული ნივთიერი მასალის ანალიზიდან გამომდინარე, მეცნიერთა ნაწილის აზრით, აღნიშნული უძველესი ნაგებობა მაზდეანური სარწმუნოების მიმდევარი საზოგადოების სამლოცველოს, ე.წ. „ცეცხლის ტაძარს“ წარმოადგენს. ხოლო ტაძრის რთული გეგმარება გამოწვეულია იმით, რომ ამ ტაძრის მსახური ქურუმები იქ ციურ მნათობებზე დაკვირვებებს აწარმოებდნენ, ზოროასტრული დღესასწაულების კალენდრის შემუშავების მიზნით.

„ჭაბუკაურის სატაძრო კომპლექსის“ ბაზილიკა ერთ-ერთი უადრესი სამნავიანი ტაძარია საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც ქართლის სამეფოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების პირველივე პერიოდში აშენდა. ბაზილიკა დგას უფრო ძველ, წარმართული ტაძრის ნანგრევებზე. ჭაბუკაურის ბაზილიკა ერთ-ერთი ის ნაგებობაა, რომელიც აღმოსავლეთ ბიზანტიური არქიტექტურული ტრადიციების გათვალისწინებით არის აგებული.

ბაზილიკის გვერდით აშენებულია სანათლავი, რაც ადასტურებს იმას, რომ საქართველოშიც, მსგავსად ბიზანტიის აღმოსავლური პროვინციებისა, ქრისტიანობის გავრცელების პირველ ეტაპზე ტაძრები იგებოდა ბიზანტიური არქიტექტურული ელემენტების გამოყენებით. ჭაბუკაურის ბაზილიკა ერთადერთია საქართველოში, რომელსაც ამ ეპოქის ძეგლებისგან განსხვავებით მართკუთხა საკურთხეველი აქვს. ტაძარი თავის დროზე გადახურული იყო ხის ძელებზე დაყრდნობილი კრამიტებით, რითაც ის გამორჩეულია ამავე პერიოდის ძეგლებისგან და ადასტურებს, რომ ტაძრები საქართველოში არა მხოლოდ ქვის კამაროვანი გადახურვით სრულდებოდა, არამედ ხის ორფერდა კონსტრუქციითაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]