ბოტიჩელი - სილამაზე
სანდრო ბოტიჩელის „ვენერა“ 1930 წლიდან ტურინის „გალერეა საბაუდას“ კოლექციის ნაწილია. ბოტიჩელის მსგავსი ტიპის კიდევ ორი „ვენერაა“ ჩვენამდე შემორჩენილი, მათგან ერთი ბერლინის სამხატვრო გალერეაში, ხოლო მეორე - ჟენევაში, კერძო კოლექციაში ინახება. საბაუდას გალერეაში დაცულ ტილოზე ბოტიჩელი „ვენერას“ მუქ ფონზე გამოსახავს. ეს „ვენერა“ რენესანსის ეპოქის ნეოპლატონური ფილოსოფიის თანახმად, სიყვარულის ორი ასპექტის - გრძნობისმიერისა და ღვთაებრივის განსახიერებაა.
კარავაჯო - სინათლე
მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯოს შედევრების გამოფენა აერთიანებს კარავაჯოს 40 ნამუშევრის ნატურალური ზომის მაღალი რეზოლუციის ციფრულ რეპროდუქციებს. ექსპოზიცია წარმოადგენს ქრონოლოგიურ, ისტორიულ და თემატურ მოგზაურობას მხატვრის შემოქმედებაში - რომის პერიოდის ტილოებიდან მხატვრის უკანასკნელ ნამუშევრებამდე. ესაა განსხვავებული ტექნოლოგიებით დამზადებული (განათება-შუქჩრდილი) საგანმანათლებლო-მულტიმედიური პროექტი, რომელიც კარავაჯოს მთელს შემოქმედებას ერთ სივრცეში წარმოადგენს. გამოფენა 2003 წლიდან მოგზაურობს იტალიასა და მის ფარგლებს გარეთ და უკვე ათ მილიონზე მეტი ვიზიტორი გაეცნო მხატვრის მთელ შემოქმედებას.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, პროექტი, რომლის კოორდინატორია იტალიის საელჩო საქართველოში, ორი ქვეყნის სხვადასხვა ინსტიტუციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია.