weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

პრეზიდენტმა ელისო ვირსალაძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა

23:20 შაბათი, 07 ოქტომბერი 2017

საქართველოს პრეზიდენტი დღეს თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის გახსნას დაესწრო და ფესტივალის დამფუძნებელი, პიანისტი ელისო ვირსალაძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.

ცნობილ პიანისტს სახელმწიფო ჯილდო ქართული და მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და საქართველოს წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის გადაეცა. 

წელს ფესტივალის დამფუძნებელი ელისო ვირსალაძე სასცენო - საკონცერტო მოღვაწეობის 55 წლისთავს აღნიშნავს. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ელისო ვირსალაძეს მუსიკალური ფესტივალის დაარსებისა და ნაყოფიერი სასცენო მოღვაწეობისათვის და განაცხადა, რომ სწორედ ელისო ვირსალაძისნაირ ადამიანებზე დგას ქართული კულტურა. 

„სწორედ ასეთი ადამიანები აძლიერებდნენ ერს და ჩვენ დღეს გვაქვს ნათელი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება ემსახურო შენს ხალხსა და საზოგადოებას. მისი ღვაწლი დასაფასებელია იმისთვისაც, თუ როგორ დაუბრუნა ქალბატონმა ელისომ თავისი ცოდნა და პროფესიონალიზმი სამშობლოს. მინდა ამისათვის უდიდესი მადლიერება გამოვხატო", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. 

15 ოქტომბრამდე ფესტივალის ფარგლებში 6 კონცერტი გაიმართება, რომელთაგან 5 თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება, ხოლო ერთ კონცერტს წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი უმასპინძლებს. ფესტივალი #ChekInGeorgia-ს მხარდაჭერით ხორციელდება.

ელისო ვირსალაძის საკონცერტო მოღვაწეობის 55 წლისთავის აღსანიშნავად, თელავის ფესტივალი წარმოგიდგენთ სხავადასხვა თაობის ბრწყინვალე პიანისტებს: ლუკაშ ვონდრაჩეკი - ბრიუსელის დედოფალი ელისაბედის 2016 წლის კონკურსის გრან-პრის მფლობელი; დანიელ ჩობანუ - 2017 წლის არტურ რუბინშტეინის პიანისტთა კონკურსის II პრემიის ლაურეატი და მაყურებლის სიმპატიის პრიზის მფლობელი; მამიკონ ნახაპეტოვი - მარია იუდინას /2003/ სახელობის, ედვარდ გრიგის /2012/ და სხვა არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი; ბორის ბერეზოვსკი - ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი, მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსი. ფესტივალზე მსმენელის წინაშე ასევე წარდგებიან გამოჩენილი შემსრულებლები: გიორგი ქობულაშვილი /ჰობოი/, დმიტრი პროკოფიევი /ჩელო/ და ჯაიუნ ლი /ვიოლინო/, დავიდ ოისტრახის სახელობის სიმებიანი კვარტეტი, საქართველოს სინფონიეტა და საერთაშორისო საფესტივალო ორკესტრი, არიელ ცუკერმანის დირიჟორობით.

ფესტივალის ფარგლებში აღინიშნება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის 100 წლის იუბილე.

12 ოქტომბერს, თელაველებს და ქალაქის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ მრავალფეროვან პროგრამას, რომელიც კონსერვატორიამ სპეციალურად თელავისთვის შეადგინა.

მსმენელის წინაშე წარდგებიან ირმა გიგანი, გოგონათა სიმებიანი კვარტეტი, იოსებ ჯუღაშვილი, სიმებიანი კვარტეტი, მარიამ ლოლუა, ლიზი ვერხვიაშვილი და თბილისის გოგონათა გუნდი (ხელმძღვანელი ომარ ბურდული).

კონცერტების პარალელურად, თეატრის ფოიეში მოეწყობა ელისო ვირსალაძის საკონცერტო მოღვაწეობის ამსახველი საკონცერტო აფიშების გამოფენა, რომელთა შორის წარმოდგენილია ანასტასია ვირსალაძის კლასის კონცერტის აფიშები, დათარიღებული 1940-1950 წლებით.

წელს, ფესტივალი საკმაოდ დატვირთულია მასტერკლასებითაც. ღია გაკვეთილებს ჩაატარებენ ელისო ვირსალაძე, ხათუნა კოკოჩაშვილი, გიორგი ქობულაშვილი და დანიილ ავსტრიხი. მასტერკლასები გაიმართება თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში და მათზე დასწრება თავისუფალია.

ქართველი პიანისტის ელისო ვირსალაძის მიერ, 80-იან წლებში დაარსებული ფესტივალი, 2010 წელს განახლდა და მას შემდეგ, ყოველწლიურად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. ტრადიციულად, ფესტივალი თელავში სხვადასხვა თაობის მსოფლიო რანგის მუსიკოსს მასპინძლობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]