weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„საყდრისის მიდამოებში შესაძლოა კიდევ ერთი პრეისტორიული მაღარო არსებობდეს“

22:25 ორშაბათი, 06 ნოემბერი 2017

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საყდრისის კარიერის მიმდებარედ, შესაძლოა, კიდევ ერთი პრეისტორიული მაღარო არსებობდეს. საზოგადოებრივი გაერთიანება საყდრისის კომიტეტის წევრები, არქეოლოგი ირინა ღამბაშიძე, არქეოლოგიური ცენტრის დირექტორი ზურაბ მახარაძე და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს არქეოლოგები საყდრისში ჩასვლას და შტოლნის დათვალიერებას 7 ნოემბერს გეგმავენ.

როგორც საყდრისის კომიტეტის წევრმა ნინო ბურჭულაძემ „რეგინფოს“ უთხრა, 2017 წლის აგვისტოს ბოლოს „საყდრისის კომიტეტს“ მიაწოდეს ინფორმაცია საყდრისის კარიერის მიმდებარედ (კარიერი - საყდრისი 2) ძველი გამონამუშევრების კვალის სავარაუდო არსებობის შესახებ, რის შემდეგაც კომიტეტმა ოქროს გადამამუშავებელ კომპანია „არემჯი გოლდს“ ტერიტორიაზე დაშვება მოსთხოვა.

„კომპანიას უარი არ უთქვამს, რადგან ფიქრობდნენ რომ ჩვენ ვსაუბრობდით საყდრისი 2–ზე არსებულ საბჭოური ხანის გვირაბზე. მიუხედავად იმისა რომ ტერიტორიაზე კომპანიის თანამშრომლები წუთით არ გვტოვებდნენ, ჩვენ მოვახერხეთ და ფოტოები გადავუღეთ   რამდენიმე „საეჭვო“ ადგილს. ფოტოების გადაგზავნის შემდეგ სამთო არქეოლოგმა ირინა ღამბაშიძემ გვითხრა, რომ ერთ-ერთი სავარაუდოდ იყო ისტორიული შტოლნა“, - ამბობს საყდრისის კომიტეტის წევრი დათო გულბანი.

ნინო ბურჭულაძის ინფორმაციით, კომიტეტმა ფოტოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსაც მიაწოდა და ადგილზე არქეოლოგის გაგზავნა მოითხოვა. შტოლნასთან მისასვლელი გზა უსაფრთხო არ აღმოჩნდა, რის გამოც არქეოლოგმა ობიექტის დათვალიერება ვერ მოახერხა. კომიტეტის მიმართვის შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ კომპანია „არემჯი გოლდისგან“ მოითხოვა საკითხის საბოლოო შესწავლამდე კომპანიას აღნიშნულ უბანზე სამუშაოები არ ეწარმოებინა.

„ამასობაში ტომას შტოლნერმა, რომელიც საყდრისის ისტორიულ მაღაროს წლების განმავლობაში იკვლევდა, ფოტოზე დაკვირვებით დაგვიდასტურა, რომ ერთ–ერთი მართლაც შეიძლებოდა ისტორიული შტოლნა ყოფილიყო. საყდრისის კომიტეტის მოთხოვნით, კულტურული მემკვიდროების სააგენტოს გარდა, პროცესში ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ცენტრიც ჩაერთო“, – აღნიშნავს ნინო ბურჭულაძე.

მისივე თქმით, კომპანია „არემჯი გოლდი“ თანახმაა ჯგუფს სამუშაო ტექნიკით დაეხმაროს, რადგან შტოლნამდე მისასვლელი გზა გასაწმენდია და არქეოლოგებს ადგილზე მისვლა გაუჭირდებათ.

საყდრისის ოქროს მაღარო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში 2006 წელს შეიყვანეს და მას ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიას 2013 წლის 05 ივლისის 03–108–ე ბრძანებით, მაღაროს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი გაუუქმდა. 2013 წლის 9 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, საყდრისში სამთამადნო მრეწველობის ძეგლის არქეოლოგიური ზონაც გაუქმდა. 2014 წლის 7 იანვარს, კომპანია „RMG Gold“-მა საყდრისის ოქროს მაღაროს ტერიტორიაზე სამუშაოები უნებართვოდ დაიწყო. რამდენიმე თვის განმავლობაში სამოქალაქო აქტივისტების და ძეგლთა დაცვის სპეციალისტების პროტესტის მიუხედავად, ისე, რომ არც ძეგლი იყო შესწავლილი და არც სასამართლოში მიმდინარე დავა იყო დასრულებული, კომპანიამ მაღარო ააფეთქა და იქ ოქროს მოპოვება დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]