weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმი ახალ შენობაში განთავსდება

11:11 ოთხშაბათი, 08 ნოემბერი 2017

მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმის 23 000 არტეფაქტი 2019 წლიდან ახალ შენობაში განთავსდება. ამჟამად კოლექციის უმნიშვნელოვანესი ნაწილი - ძვირფასი ლითონების კოლექცია დროებით ეროვნულ მუზეუმშია წარმოდგენილი. დარჩენილი ნაწილი კი მცხეთის გამგეობის შენობის საცავებში ინახება.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმისთვის ყოფილი კინოთეატრის შენობა თანამედროვე სამუზეუმო სივრცედ გარდაიქმნება, რისთვისაც დაახლოებით 7 მილიონი ლარი დაიხარჯება.

მუზეუმის პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით კულტურის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის ერთობლივი მუშაობით მომზადდა.

„პროექტი შემუშავდა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მეთოდოლოგიური მითითებების მიხედვით, მუზეოგრაფიის ყველა თანამედროვე სტანდარტის დაცვით. იგი ითვალისწინებს შენობის გადაგეგმარებას საგამოფენო სივრცეების, ფონდსაცავების, საკონფერენციო სივრცის და სხვა დამხმარე სათავსოების მოწყობის მიზნით. პროექტის ფარგლებში არსებული შენობის სივრცეში ინტეგრირებული არქეოლოგიური ძეგლის - „მცხეთის კარიბჭის“ საკონსერვაციო სამუშაოები ჩატარდება. მუზეუმის მიმდებარე საზოგადოებრივი სივრცე კეთილმოეწყობა და აღიჭურვება გარე განათებებით, ავტოსადგომით და სხვა ინფრასტრუქტურული ელემენტებით“, - ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

არქეოლოგიური მუზეუმის პროექტი კომპანია „საქართველოს მემკვიდრეობამ“ არქიტექტორ ზაზა იაშვილის ავტორობით მოამზადა.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა მცხეთის ძველი კინოთეატრის მუზეუმად ადაპტირების მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო წინადადებების მიღება 30 ნოემბრიდან დაიწყება და 4 დეკემბრამდე გასტანს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ფიზიკური სამუშაოები წელიწადნახევარში უნდა დაასრულოს.

მცხეთის ყოფილი კინოთეატრი 1960-იან წლებში აშენდა და მეოცე საუკუნის არქიტექტურის საინტერესო და ღირებულ ნიმუშს წარმოადგენს. წლების განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილი შენობა 2015 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]