ჟან კოკტოს ცნობილი პიესის „წმინდა ურჩხულების“ მიხედვით სპექტაკლი რეჟისორმა ლევან წულაძემ სპეციალურად გურანდა გაბუნიასთვის დადგა.
„ძალიან მიხარია რომ სპექტაკლის პრემიერას ვესწრები, რომელიც ქალბატონი გურანდას 60-წლიან სასცენო მოღვაწეობას ეძღვნება. ალბათ დამეთანხმებით, რომ ნებისმიერი არტისტისთვის ძალიან საპატიოა, როდესაც სასცენო მოღვაწეობის იუბილესთვის სპეციალურად შენთვის იდგმება სპექტაკლი. ქალბატონი გურანდა თავისი პროფესიული განვლილი გზით ამას ნამდვილად იმსახურებს. დარწმუნებული ვარ, დამსწრე საზოგადოებას ძალიან ბევრი შეუძლია ისაუბროს მის მიერ შესრულებული ათეულობით როლის შესახებ, რომლებიც ჟანრობრივად ყოველთვის ძალიან მრავალფეროვანი და ერთმანეთისგან განსხვავებული იყო, ისეთი რთული ჟანრის ჩათვლით, როგორიც სპექტაკლებია“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
გურანდა გაბუნია 1938 წლის 8 აგვისტოს დაიბადა. 1960 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1975 წლიდან ის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობია. მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული არტისტის და სახალხო არტისტის წოდებები. 1998 წელს ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.
ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცემათ. ამ ჯილდოს მფლობელთა შორის არიან რეჟისორი რეზო გაბრიაძე, ბალერინა ნინო ანანიაშვილი, ანსამბლი „ქართულ ხმები“, კომპოზიტორები მარიკა კვალიაშვილი და ვაჟა აზარაშვილი.