„ძნელია გივი ბერიკაშვილზე ისაუბრო წარსულ დროში. იგი არის ქართული კულტურის გამოჩენილი მოღვაწე და ადამიანი, რომელმაც სიყვარულის განსაკუთრებული სტანდარტი დაამკვიდრა. გივი ბერიკაშვილმა შექმნა დაუვიწყარი სახეები კინოსა და თეატრში. მისი გმირების სიტყვებით ჩვენ ყოველთვის ვისაუბრებთ. ეს ფრაზები ჩვენს გონებაში არის ჩაბეჭდილი და ძალიან დიდხანს იცოცხლებს“, - განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.
გივი ბერიკაშვილის სკულპტურული პორტრეტი მოქანდაკე თემურ ჭყონიამ მსახიობის სიცოცხლეშივე შექმნა, ბრინჯაოს ქანდაკება კი გოგი ჟღენტმა ჩამოასხა.
საქართველოს სახალხო არტისტი, ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავი გივი ბერიკაშვილი 10 აპრილს, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გივი ბერიკაშვილი მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წამყვანი მსახიობი იყო. 2008 წელს მარჯანიშვილის თეატრის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი და გამოიცა წიგნი „სახალხო არტისტი - გივი ბერიკაშვილი“. იგი იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილისა და იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიების ლაურეატი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპეციალური ჯილდოს - „ხელოვნების ქურუმის“ მფლობელი.