ანსამბლი საქართველოში საერთაშორისო საგასტროლო ტურის „გროზნოდან სიყვარულით“ ფარგლებში ჩამოდის.
პროექტის ავტორების ინფორმაციით, საგასტროლო ტურის მოწყობის იდეა ქალაქ გროზნოს დაარსებიდან 200 წლის იუბილეს უკავშირდება, მისი მიზანი კი მეზობელი ერებისთვის თანამედროვე გროზნოს გაცნობაა.
„მიუხედავად 1990-2000 წლებში განხორციელებული ორი დამანგრეველი საომარი კამპანიისა, უდიდესი ადამიანური და სოციოკულტურული დანაკარგისა, ქალაქმა საკუთარი თავი და სული არ დაკარგა. ის სწრაფად ვითარდება. ჩეჩნეთის მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის უწყვეტი აღდგენა და განვითარება მჭიდროდ არის დაკავშირებული ცეკვის ხელოვნებასთან, რომელიც თანდაყოლილი აქვთ ჩეჩნებს და კავკასიის სხვა ხალხებს. ცეკვას და სიმღერას ყოველთვის ეკავა გამორჩეული ადგილი ვაინახების ცხოვრებაში. საკონცერტო პროგრამა მოიცავს საცეკვაო ნომრებს, რომლებიც ყველაზე სწორად ასახავენ ჩეჩენი ხალხის კულტურას, ტრადიციებსა და ჩვეულებებს: უფროსებისადმი პატივისცემას, სამხედრო მამაცობის თაყვანისცემას, ძმური მეგობრობის განდიდებას, ქალისადმი დამოკიდებულებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ანსამბლი „ვაინახი“, რომელიც 1939 წელს დაფუძნდა, რუსეთის მთავრობის პრემიის ლაურეატი, იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს უმაღლესი ხარისხის ოქროს ვარსკვლავის ორდენის და ახმად კადიროვის ორდენის მფლობელია.