weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოში კირილე ზდანევიჩის ერთადერთი პანო განადგურებულია

16:55 სამშაბათი, 13 მარტი 2018

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, N16-ში მდებარე ოფიცერთა სახლის სარდაფში განთავსებული, კირილე ზდანევიჩის მიერ 1919 წელს მოხატული კედლის პანო განადგურებულია. ეს პოლონური წარმოშობის ქართველი მხატვრის მიერ შესრულებული, საქართველოში შემორჩენილი ერთადერთი კედლის მხატვრობა იყო.

დღეს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი და სამხატვრო აკადემიის მხატვარ-რესტავრატორთა ჯგუფის წევრები.

სწორედ ამ რესტავრატორების მიერ და სააგენტოს ორგანიზებითა და დაფინანსებით, 2 წლის წინ ჩატარდა კირილე ზდანევიჩის მიერ შესრულებული კედლის მხატვრობის შემორჩენილი ფრაგმენტების კვლევითი ანალიზი.

ამჟამად ოფიცერთა სახლის პირველი სართულისა და სარდაფის ტერიტორია კერძო საკუთრებაშია, ხოლო ფართის მეიჯარე აცხადებს, რომ ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის რემონტი დასრულებული იყო და პანო აღარ არსებობდა.

როგორც გაირკვა, ისტორიულ პანოზე ფიზიკური სამშენებლო სამუშაოების ჩატარების შესახებ ახალ მესაკუთრეს არც სააგენტოსთვის და არც მერიის შესბამისი სამსახურებისთვის არ უცნობებია და შეუთანხმებია, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადებით, ცალკე სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის თქმით, სააგენტო დღესვე მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, რათა უმოკლეს დროში მოხდეს მომხდარის გამოძიება და სამართალდამრღვევის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებებიგატარდეს.

პოლონური წარმოშობის ქართველი მხატვრის, კირილე ზდანევიჩის მიერ შესრულებული კედლის მოხატულობა უნიკალურია არა მხოლოდ მისი მაღალი მხატვრული ფასეულობის, არამედ საერთო კულტურული კონტექსტის გამო: 1918 წელს თბილისში, რუსთაველის გამზირის N16-ში მდებარე სახლის სარდაფში დაარსებული კაფე „არგონავტთა ნავი“ ტფილისური კულტურული ცხოვრებისა და ქართული ავანგარდის ერთ-ერთ ცენტრს წარმოადგენდა. ამ კაფეში კირილე ზდანევიჩის მიერ შესრულებული კედლის მხატვრობა კი უნიკალური იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ მსოფლიოში ძალიან მცირე რაოდენობითაა შემორჩენილი ზდანევიჩის მიერ შესრულებული კედლის მხატვრობა, საქართველოში კი ეს ერთადერთი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]