არქეოლოგიური კვლევის პროცესი 2018 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება. სამუშაოებისთვის კომპანია RMG-მ 25 000 ლარი გამოყო.
„15 დღეა სამუშაოები მიმდინარეობს და უკვე გვაქვს გარკვეული შედეგი. ძველ შუამთაში მე-11 საუკუნიდან დაწყებული გალავნის ფრაგმენტები გამოჩნდა. არის მე-16 საუკუნის სამშენებლო ფენებიც, რაც ბევრ ახალს იტყვის შუამთის განვითარებაში“, – განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ნიკოლოზ ანთიძემ.
არქეოლოგიური სამუშაოების ფარგლებში, ექსპედიციის წევრები მიწის სამუშაოებისას გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტების განლაგების სქემას და ცალკეული ობიექტების ანაზომებს, ასევე გამოვლენილი ნაგებობებისა და კულტურული ფენების სტრატიგრაფიულ ჭრილებს მოამზადებენ. უზრუნველყოფენ არქეოლოგიური ფენებისა და ობიექტების ფოტო და გრაფიკულ ფიქსაციას.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის 10 დეკემბერს სააგენტოს, კომპანია RMG-სა და საქართველოს საპატრიარქოს ოთხ ეპარქიას შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანია RMG 2018 წლიდან 2021 წლის ჩათვლით შვიდი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ფიტარეთის ეკლესიის, ბოლნისის სიონის, სამშვილდის ნაქალაქარის, სათხეს, ნიკორწმინდის, შუამთისა და ალავერდის სამონასტრო კომპლექსების რეაბილიტაციის პროცესში ჩაერთვება. 4-წლიანი პროექტი კომპანიის მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების 1 700 000 ლარით დაფინანსებას ითვალისწინებს.