სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში მონაწილეობის მსურველ პრეტენდენტებს წინადადებების წარდგენა 4 ივნისიდან 9 ივნისის 17:00 საათამდე შეეძლებათ. პროექტის განხორციელება კი გამარჯვებულ ორგანიზაციასთან ხელშეკრულების დადებიდან 15 თვეში უნდა დასრულდეს.
ერთ-ერთი სავალდებულო პირობაა, რომ ტაძრის რესტავრაციის სამუშაოებზე უმაღლესი ხარისხის მასალები უნდა გამოიყენონ. ამასთან, სამუშაოების შესრულებისას დასაქმებული ყველა ძირითადი სპეციალისტი (ხელოვნებათმცოდნე, ქვის რესტავრატორი, ფერმწერი, არქიტექტორ-რესტავრატორი, საშენ მასალათა ტექნოლოგი) უნდა იყოს მაღალი კვალიფიკაციის მქონე და გააჩნდეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე მუშაობის გამოცდილება.
გარდა ამისა, სამუშაოების შემსრულებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ტაძარი ნიკორწმინდა წარმოადგენს მოქმედ ტაძარს, შესაბამისად, სამუშაოების წარმოება დაგეგმილი უნდა იყოს ისე, რომ არ უნდა შეიზღუდოს მღვდელმსახურების ჩატარება, განსაკუთრებით დღესასწაულებზე.
ნიკორწმინდის ტაძრის რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 6 აპრილს მიიღო.
ნიკორწმინდის გუმბათოვანი ტაძარი რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდაში მდებარეობს. იგი XI საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან ნიკორწმინდის მონასტერი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.