„ფიროსმანის აღმომჩენი ფრანგი მხატვარი მიხეილ ლე დანტიუ იყო, მაგრამ ძმები ზდანევიჩების მონაწილეობით იგეგმებოდა და ვითარდებოდა პროცესი, რომლის საშუალებით საქართველომ და მსოფლიომ მიიღო ეს მხატვარი. ამ აღმოჩენის შემდეგ, ზდანევიჩების არქივში, პუბლიკაციებში თუ ნახატებში, ყველგან ფიგურირებს ფიროსმანი, წყალქვეშა მდინარესავით მიჰყვება მათ ცხოვრებას და შემოქმედებას.
მისი სამყაროთი, თემებით, განცდით გამსჭვალულია ორივე ძმის შემოქმედება - აქაც, საბჭოთა საქართველოს სახეცვლილ გარემოში - კირილეს ნახატებში და საფრანგეთში ემიგრირებულ ილიას პუბლიკაციებშიც. პარიზშიც გრძელდება ილიასა და ფიროსმანის უხილავი თანაარსებობა, იმდენად, რომ ილიაზდის გავლენით, პიკასო ხატავს მის პორტრეტს, ილიაზდის პუბლიკაციისათვის“, – აღნიშნავენ გამოფენის ორგანიზატორები.
მათივე ინფორმაციით, გამოიფინება ნიკო ფიროსმანის „ნატურმორტი შაქრის თავით“ – მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელობის სახელმწიფო მუზეუმიდან და კირილე ზდანევიჩის ფერადი გრაფიკა.